„All Inclusive მხოლოდ რუს ტურისტებს ჩამოგვიყვანს“ - გაამართლებს თუ არა საქართველოს კურორტებზე All Inclusive სისტემა?

access_time2017-11-08 09:40:26

ქართველი ტურისტებისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს, All Inclusive სისტემა ყველაზე პოპულარულია, თუმცა საქართველოში სისტემა, რომელიც ერთ სივრცეში ტურისტისთვის საჭირო ყველა სერვისს მოიცავს და მას სასტუმროს გარეთ გასვლა აღარ უწევს, არ არსებობს.


იმ ქვეყნებში, სადაც All Inclusive სისტემა მოქმედებს, ტურისტების საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩადის, განსაკუთრებით ეს ეხება ზაფხულის ტურიზმს და ზოგადად ზღვაზე დასვენებას. ერთ-ერთი ასეთი არის მეზობელი თურქეთი. თუმცა თურქეთში უკვე გაჩნდა მოსაზრება, ამ სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით. იდეეის ავტორი არის თურქეთის ვაჭრობისა და ხელოსნების კონფედერაციის ხელმძღვანელი ბენდევი პალანდოკენი, რომლის განცხადებით,  All Inclusive სისტემის ლიკვიდაციის შემთხვევაში ტურისტები გამოვლენ სასტუმროებიდან და სხვა აქტივობებით დაკავდებიან. „ტურისტები, განსაკუთრებით კი რუსები და გერმანელები, თურქეთს მხოლოდ აეროპორტსა და სასტუმროს შორის არსებულ გზაზე ნახულობენ“  აცხადებს პალანდოკენი.  თუმცა ჯერჯერობით  უცნობია,  გააუქმებს თუ არა თურქეთი აღნიშნულ სერვისს. 


საინტერესოა, ქართულ ბაზარზე რამდენად არსებობს მოთხოვნა და საჭიროება All Inclusive სისტემაზე და არის თუ არა შესაძლებელი ქვეყანაში მისი დანერგვა. როგორც „კომერსანტს“ ტურისტულ კომპანია „ინტერკოში“ განუცხადეს, ქვეყნისთვის All Inclusive სისტემის შემოღება ტურიზმისთვის დამღუპველი იქნება.


„ამ ეტაპზე საქართველოს სერვისის ნაწილში ისედაც ძალიან უჭირს. ამას კიდევ ეს სისტემა რომ დაემატოს, სერვისი კიდევ უფრო გაუარესდება. მაგალითად, თურქეთშიც ძირითადად ეს სისტემა რუსი ტურისტების მოსაზიდად შეიქმნა. ახლა კი ისინი ხვდებიან, რომ სხვა ბაზარი უფრო საინტერესოა, ვიდრე რუსული ბაზარი. ამის მაგალითზეც ჩანს, რომ All Inclusive სისტემის დანერგვა და მხოლოდ ერთი ან ორი ქვეყნის ტურისტებზე ორიენტირება სწორი არ იქნება. ჩვენ ეს არცერთ ეტაპზე არ გვჭირდება. ამით შემოსავლებს დავკარგავთ, ტურიზმისთვის კი დამღუპველი იქნება. თანაც, All Inclusive სისტემის შემოღება ქართულ ტურიზმში მხოლოდ რუს ტურისტებს ჩამოგვიყვანს“,  განუცხადეს „კომერსანტს“ „ინტერკოში“.


„ჯორჯია თრეველ გრუპში“ აცხადებენ, რომ უცხოელი ტურისტები ნაკლებად ინტერესდებიან იმით, საქართველოს All Inclusive სისტემა აქვს თუ არა.


„ჩვენთან ამ სისტემის დანერგვა მარტივი არ იქნება. ბათუმში რამდენიმე სასტუმრომ სცადა, მაგრამ წარუმატებლად დასრულდა. როცა ქვეყანაში წარმოება არ არის, მსგავსი სისტემის არსებობა ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ამ ეტაპზე არც გვაქვს ასეთი ტიპის სასტუმროები, როგორებიც მაგალითად აქვს თურქეთს, სადაც მთლიანად All Inclusive სისტემაა დანერგილი. ქართული ეკონომისთვის არ იქნება მომგებიანი, რომ ტურისტი ერთ ადგილას იჯდეს, იმის გარეთ არ გავიდეს და ფული არ დახარჯოს. ტურისტები  ჩვენს ქვეყანაში შემოსვლამდე, ზოგჯერ ინტერესდებიან გვაქვს თუ არა ეს სისტემა, თუმცა მასზე დიდი მოთხოვნა არ არის“,  აცხადებენ „ჯორჯია თრეველ გრუპში“.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძეც იზიარებს იმ პოზიციას, რომ All Inclusive სისტემა ქვეყნისთვის მომგებიანია არ იქნება.


„საქართველო არ არის მასიური ტურიზმისკენ მიმართული ქვეყანა და ამისი სურვილი არც უნდა გვქონდეს. პირიქით, აქცენტი უნდა ავიღოთ  განსხვავებული ტურისტული მიმართულების პროდუქტებზე, რომ მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე ჩვენი ნიშა დავიკავოთ.  All Inclusive სისტემით კი არ უნდა მოვიზიდოთ ტურისტები, არამედ ჩვენი ისტორიული, კულტურული თუ ბუნებრივი რესურსებით. აჭარის რეგიონში ამ სერვისის დანერგვა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გამორციხულია. თანაც All Inclusive უზარმაზარ ტერიტორიას და ინფრასტრუქტურას გულისხმობს. ქართული ბიზნესისთვის კი მომგებიანი არ იქნება“,  განუცხადა „კომერსანტს“ მაია სიდამონიძემ. 


„საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე  ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ All Inclusive სისტემა შესაძლებელია თბილისისა და ბათუმის სასტუმროებში დაინერგოს, თუმცა  ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი.


„შეიძლება დედაქალაქმა და ბათუმმა ეს უფრო აიტანოს, მაგრამ სხვა დიდ ქალაქებსა და რეგიონებში თითქმის წარმოუდგენელია. All Inclusive სისტემა რომ შემოვიღოთ, ძალიან ბევრი რამე იქნება გასაკეთებელი. პირველ რიგში, შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, სასტუმროს ნომრები. მაგალითად, ერთხელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ტურისტი გვყავდა. თბილისში რომ ჩამოვიყვანეთ, გაგვიჭირდა მისთვის შესაბამისი სერვისის გაწევა. შშმ პირებისთვის განკუთვნილი სპეციალური მიკროავტობუსი ვითხოვეთ. ქვეყნებისთვის, სადაც ეს სისტემა მოქმედებს, All Inclusive ჰუმანურობის დემონსტრაციის მოხდენას უფრო უკავშირდება, ვიდრე ეკონომიკურ ნაწილს“,  განაცხადა ია თაბაგარმა. 


განსხვავებული პოზიცია აქვთ „კავკასუს თრეველში“, რომლის დამფუძნებელი საბა კიკნაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში All Inclusive სისტემამ შესაძლოა, გაამართლოს: „ეს მოიზიდავს რუს, არაბ, პოლონელ ტურისტს, ვისაც მაგალითად, ბორჯომში, ბათუმში დასვენების დროს სასტუმროს გარეთ გასვლა არ სურს. ბორჯომის სასტუმროებს აქვთ ამისი პერსპექტივა, ასევე აჭარის რამდენიმე სასტუმროსაც და შეუძლიათ დანერგონ, თუკი შესაბამისი მოთხოვნა და საჭიროება გაჩნდება.“



ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 

 

 

 

 




British American Tobacco-მ 100 მილიონი დოლარის დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო

person access_time2017-11-20 11:00:52
British American Tobacco-მ სააპელაციო სასამართლოს შემდეგ 100 მილიონი დოლარის სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო. როგორც „კომერსანტთან ექსკლუზიურად British American Tobacco-ს დირექტორი კორპორატიულ და იურიდიულ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, ეს არის უპრეცედენტო თანხა. მისივე თქმით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქმე განსახილველად მიეღო. მისივე განცხადებით, თავად ეს გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ საკითხზე დავა...

“ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა”

person access_time2017-11-19 15:29:31
...

“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში...


მსგავსი სიახლეები