უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა გაზარდა რუსეთიდან სასუქების იმპორტი. ევროკავშირში იმპორტირებული შარდოვანას მესამედი რუსეთიდანაა, 2022 წელთან შედარებით 2023 წლის პირველ ნახევარში თითქმის გაორმაგდა ყველა სახის სასუქის იმპორტი, წერს გაზეთი Financial Times.

სასუქის ფასები მკვეთრად გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამის მიზეზია ბაზარზე შეზღუდული შეთავაზება ბუნებრივი აირისა, რისგანაც მზადდება აზოტიანი სასუქები. რუსეთის სასუქები ჯერ არ მოხვედრილა ევროკავშირის სანქციების პაკეტებში.

ფასების ზრდამ ფინანსური დარტყმა მიაყენა ევროპელ ფერმერებს, წერს FT, მაშინ, როცა სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით აფრიკაში, საერთოდ შეწყვიტეს სასუქების გამოყენება. ამან გამოიწვია მოსავლიანობის შემცირება და მსოფლიო სასურსათო კრიზისის გაღრმავება.

გამოცემა Euractiv თებერვალში აღნიშნავდა, რომ საგრძნობ დანაკარგებს განიცდიან სასუქების ევროპელი მწარმოებლებიც.