ლატვიის ტრანსპორტის სამინისტრო 15 ოქტომბრიდან რუსეთსა და ბელარუსში სამგზავრო ავტობუსების არარეგულარული რეისების აკრძალვას გეგმავს. უწყების განმარტებით, ეს არის ერთჯერადი მგზავრობები წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით, მაგალითად, ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, სპორტულ თამაშებზე ან სხვა ღონისძიებებზე დასასწრებად და სხვა.

მთავრობის დადგენილება საზღვრის დაცვის სამსახურს ავალდებულებს, 15 ოქტომბრიდან, პატერნიეკის, გრებნევასა და ტერეჰოვას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ლატვია-ბელარუსისა და ლატვია-რუსეთის საზღვრების გადაკვეთისას, აღკვეთოს არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევები.

საავტომობილო ტრანსპორტის დირექტორატმა (ATD) განმარტა, რომ არარეგულარული სამგზავრო მომსახურებად მიიჩნევა მომსახურება, რომლის დროსაც გადამზიდავი ახორციელებს ერთჯერად და წინასწარ დაგეგმილ ექსკურსიას, მგზავრობას სპორტულ შეჯიბრებებზე, თეატრში, სიმღერის ფესტივალებზე და მსგავს ღონისძიებებზე, ან ისეთ მომსახურებას, რომლის დროსაც მგზავრები წარმოადგენენ წინასწარ ჩამოყალიბებულ ჯგუფს და მძღოლმა ჯერ კიდევ მოგზაურობის დაწყებამდე იცის მგზავრების რაოდენობა და მგზავრობის მიზანი.

ტრანსპორტის სამინისტრომ, საავტომობილო ტრანსპორტის დირექციასთან თანამშრომლობით და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციით, შეადგინა მონაცემები, რომლითაც დასტურდება, რომ იზრდება მგზავრების რაოდენობა, ვინც ბელარუსისა და რუსეთის მიმართულებით ავტობუსების მომსახურებით სარგებლობს. „ეს სიტუაცია ზრდის უსაფრთხოების რისკებს ქვეყნის გარე საზღვარზე, რის გამოც მომზადდა საკანონმდებლო ბაზა ბელარუსსა და რუსეთში სამგზავრო ტრანსპორტის შესვლის შესაზღუდად“, - აცხადებს ტრანსპორტის მინისტრი, ატის შვინკა.

სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტს ძალაში შესასვლელად, მთავრობის თანხმობაა საჭირო.

ამავდროულად, გათვალისწინებულია სამგზავრო გადაადგილების მინიმალური შესაძლებლობების შენარჩუნება, რეგულარული სამგზავრო რეისების საშუალებით.

წყარო: 1 არხი