„ხატვა ბიზნესი არაა და არც უნდა იყოს, რადგან შემოქმედებას ნაკლები ყურადღება მიექცევა. ჩვენ შემოქმედებაში ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ 25 წლის მხატვარმა მარიამ რამიშვილმა განუცხადა.
ამბობს, რომ მისი ნახატები ინდივიდუალიზმითაა გამორჩეული. რამიშვილს სამომავლოდ ნახატების ექსპორტზე გატანა და საკუთარი სახელოსნოს გახსნა სურს. „კომერსანტთან“ მხატვარი ქვეყანაში ახალგაზრდა ხელოვანისთვის შექმნილ გარემოზეც საუბრობს. მისი ნახატების საფასო პოლიტიკა 400-დან 5 000-ლარამდე მერყეობს.
“ჩემ გარშემო ყველა ხატავს და მეც ბავშვობიდან ვხატავ. დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემია, თუმცა ვთვლი, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტს მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს. ამჟამად ნახატებს თბილისსა და ბათუმში საკუთარ სახელოსნოში ვქმნი“, - აღნიშნა რამიშვილმა.
მარიამ რამიშვილმა ჩვენთან იმ ძირითად პრობლემებზეც ისაუბრა, რაც ახალგაზრდა მხატვრებს ქვეყანაში ექმნებათ.
„ახლა ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, რადგან მუდმივად სიახლეზე და თანამედროვეობაზე ვართ ორიენტირებულები. ყველა ძველი თაობის მხატვარს დიდ პატივს ვცემ, თუმცა სიახლეები ამ სფეროში მუდმივად უნდა იყოს. უცხოეთში ხალხი შემოქმედებას მეტად აფასებს, სწორედ ამიტომ მიდიან ჩვენი მხატვრები ქვეყნიდან. მაგალითად ამერიკას მოვიყვან, ეს ქვეყანა შემოქმედებაზე მუდმივად ორიენტირებულია“, - განმარტა რამიშვილმა.
როგორც მხატვარი აღნიშნავს, „დაახლოებით სამ წელში საკუთარი სახელოსნო მექნება. სამომავლოდ პერსონალური გამოფენის გაკეთებასაც ვგეგმავ და ნახატების ექსპორტზე გატანა მსურს.“
ავტორი: ლიკა გურაბანიძე