განათლების რეფორმა - წინ თუ უკან გადადგმული ნაბიჯი?

საქართველოს უნივერსიტეტის კანცლერი კოკა თოფურია

უახლოეს ხანებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რამდენიმე რეფორმის შესახებ გაკეთდა განცხადება. ესენია: 18 მიმართულებაზე გარკვეულ უნივერსიტეტებში უფასო სწავლის შემოღების შესახებ და კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირი უნივერსიტეტების სახელმწიფო უნივერსიტეტებად გარდაქმნის შესახებ. ყოველივე ეს  რადიკალურად ცვლის ორიენტაციას ამ სფეროში და უკან, საბჭოთა კავშირში გაკეთებულ დიდ ნახტომს წარმოადგენს. ამ გზით სიარული კი დიდ დარტყმას მიაყენებს განვითარების ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფ უმაღლეს საგანმანათლებლო ბიზნესს საქართველოში.

 

უპირველეს ყოვლისა, ე.წ. „უფასოდ სწავლებას“ მინდა შევეხო. ეს ერთი შეხედვით კეთილშობილური ნაბიჯი, სინამდვილეში უამრავ ფარულ საფრთხეს და უსამართლობას შეიცავს თუ სწორად არ იქნა გადაჭრილი ამ ნაბიჯის თანამდევი საკითხები. აქ რამდენიმე საკითხია განსახილველი: 

 

1. უნდა მოხდეს თუ არა უმაღლესი განათლების დაფინანსება

 

2. რა ფორმით მოხდეს დაფინანსება

 

 

3. ვინ უნდა უზრუნველყოს დაფინანსებული მომსახურების მიწოდება.

 

პირველ კითხვაზე, თითქოს ცალსახა პასუხი არსებობს, თუმცა საქმე არც ასე მარტივადაა. ამ მხრივ ძირეულად განსხვავებული საფუძველი აქვს, ერთის მხრივ დაწყებით და საშუალო, ხოლო მეორეს მხრივ, უმაღლესი და პროფესიული განათლების დაფინანსებას. 

 

დაწყებითი და საშუალო განათლება აუცილებელია მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის და, შესაბამისად, ჩვენი საზოგადოების არსებობისთვის. როგორც გაუმართავი მანქანა პოტენციურად ვნებს არა მხოლოდ მის პატრონს, არამედ სხვებსაც, ისე საზოგადოების არასრულფასოვანი წევრების არსებობა ხელს უშლის მთელ საზოგადოებას წარმატებაში. სახელმწიფომ შეიძლება აიძულოს მანქანის პატრონს გამართული მანქანის ყოლა საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს, იმ ლოგიკით, რომ ვისაც ამის საშუალება არ აქვს, დაე მანქანასაც ნუ იყოლიებს. მაშინ, როცა მშობელს ვერ აიძულებს შვილი ფასიან სკოლაში მიიყვანოს, ხოლო თუ ამის საშუალება არ აქვს მასზე უარი თქვას. ასეთ დროს გამართლებულია სახელმწიფოს მიერ დაწყებითი და საშუალო განათლების დაფინანსება. 

 

რაც შეეხება უმაღლეს და პროფესიულ განათლებას, მათი არ ქონა მოქალაქეს არ უშლის ხელს იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. როცა ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას დაეუფლოს რაიმე პროფესიას, იმ ვარაუდით, რომ მიღებული ცოდნის გამოყენებით მომავალში შემოსავლის მიღებას შეძლებს, ის საინვესტიციო გადაწყვეტილებას იღებს: დააბანდოს ფული საკუთარ ცოდნაში, იმ გათვლით, რომ ცოდნის ამაღლების შედეგად გამოწვეული შემოსავლები, ინფლაციისა და ფულის დროითი ღირებულების გათვალისწინებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე სწავლაში გადახდილ თანხას დამატებული ის შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა, სწავლის ნაცვლად რომ ემუშავა. 

 

მაშ, რატომ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ ჩვენი მოქალაქეების უმაღლესი და პროფესიული განათლება, რატომ უნდა იხარჯებოდეს ამისთვის გადასახადის გადამხდელთა ფულები? ამის მიზეზი ერთადერთია, თუმცა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ პრაქტიკულად ყველა საზოგადოება თანახმაა მისი ფული სახელმწიფომ უმაღლესი განათლების დაფინანსებაში გამოიყენოს. საქმე ისაა, რომ მრავალი ემპირიული კვლევით დადასტურდა, რომ უკუგება ადამიანურ კაპიტალზე რამდენჯერმე აღემატება უკუგებას ფიზიკურ კაპიტალზე. განათლებაში ჩადებული ფული უფრო სარფიანი დაბანდებაა, ვიდრე ფიზიკური კაპიტალის შეძენა. თუმცა, მიუხედავად ამისა, საკუთარი განათლების დასაფინანსებლად თანხის მოძიება უფრო რთულია, ვიდრე, ვთქვათ, კომპიუტერის შესაძენად. საქმე იმაშია, რომ ფიზიკური კაპიტალის შესაძენად სესხის აღებისას, ბანკს საშუალება აქვს თავად ეს ნივთი უზრუნველყოფაში ჩაიდოს, ხოლო უმაღლესი განათლების დაფინანსებისას, ბანკს არანაირი მატერიალური უზრუნველყოფა არ ეძლევა. სწორედ ამიტომ საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უმაღლესი განათლების დაფინანსების პრობლემატიკას. ამ მიმართულებით, მიზნად შეიძლება დავისახოთ თანდათანობით სასწავლო გრანტით ყველა სტუდენტის მოცვა, და მისი იმ მოცულობამდე მიყვანა, რაც საჭიროა დასავლური სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი უმაღლესი განათლების უზრუნველსაყოფად.  კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როცა მთავრობამ ბიუჯეტში საგრანტო დაფინანსებაზე გამოყოფილი თანხები გააორმაგა, თუმცა, პარალელურად, სტუდენტის სწავლის დაფინანსების ყველაზე მანკიერი პრინციპი შეირჩა.

 

აქამდე სტუდენტს ეძლეოდა სასწავლო გრანტი, ვაუჩერი, რომელსაც ის მიიტანდა იმ უნივერსიტეტში, სადაც სწავლას გადაწყვეტდა. ახლა დადგინდა, რომ გაზრდილი დაფინანსების შედეგად ვაუჩერი მიეცემა არა სტუდენტს, არამედ მის ნაცვლად გარკვეული წესით შერჩეულ უნივერსიტეტს, ხოლო თუ სტუდენტს  დაფინანსების მიღება სურს, მოუწევს ასეთ უნივერსიტეტში ჩაბარება.

 

ის, თუ რა ფორმით მოხდება უმაღლესი განათლების დაფინანსება მჭიდროდაა დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ იქნება უმაღლესი განათლების მიმწოდებელი: კერძო სექტორი თუ სახელმწიფო.

 

სახელმწიფოს საზრუნავი მისი მოქალაქეებისთვის ქვეყანაში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაა და არა თავად უმაღლესი საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება. შესაბამისად, სახელმწიფოს როლი შეიძლება შემოიფარგლოს: 

 

1. სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდაში ხელშეწყობით (სახ. გრანტები და ა.შ)

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტებისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხის კონტროლით

 

როცა ჩვენ ვქმნით სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც გარკვეულ მიმართულებებზე სწავლას უფასოდ ვაცხადებთ, ჩვენი ძალისხმევა და დახარჯული ფინანსები მცირედ თუ პასუხობს საზოგადოების ინტერესს და მიმართულია კონკრეტული საწარმოების (ამ შემთხვევაში საელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების) კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე. როცა, ვთქვათ, ეკონომიკის შესწავლის მსურველს ვეუბნებით, რომ ის მიიღებს სრულ დაფინანსებას თუ ჩააბარებს განსაზღვრულ ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც, სხვათაშორის, სწავლების ხარისხი სულაც არაა საუკეთესო, ჩვენ ვუზღუდავთ მომავალ სტუდენტს საშუალებას შეარჩიოს ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც, მისი შეხედულებით,  სასურველი ხარისხის განათლებას მისცემს. 

 

სწავლების ხარისხისა და მისი საფასურის თანაფარდობის ოპტიმიზაცია არის ის, რაც უმაღლეს საგანმანათლებლო ბაზარს გაჯანსაღებისთვის ესაჭიროება. როცა სტუდენტი უნივერსიტეტს ირჩევს, ის ხელმძღვანელობს მომსახურების (სწავლების) ხარისხისა და ამ მომსახურების მიღების საფასურის მიხედვით. თითოეული სტუდენტის არჩევანი რომელიმე უნივერსიტეტის სასარგებლოდ ამ უნივერსიტეტისთვის „მიცემული ხმაა“, რაც უნივერსიტეტს აგრძნობინებს რომ „სწორ გზაზეა, ასე უნდა განაგრძოს“ და სხვა უნივერსიტეტებსაც სათანადო სიგნალებს აწვდის. ეს უზრუნველყოფს ბაზრის თვითგაჯანსაღებას, ანუ სწავლების ხარისხისა და მისი საფასურის თანაფარდობის ოპტიმიზაციას. ბაზარზე სახელმწიფოს მიერ ხელოვნური ჩარევა, რის შედეგადაც გარკვეული ნიშნით შერჩეული უნივერსიტეტები პრივილეგირებულ, არათანაბარი კონკურენციის პირობებში აღმოჩნდებიან, განაპირობებს ბაზრისთვის არასწორი სიგნალების მიწოდებას. 

 

სახელმწიფოს სურვილი დაეხმაროს მოქალაქეს უმაღლესი განათლების მიღებაში,  არ უნდა გადაიჭრას სახელმწიფო საწარმოების (უმაღლესების) მშენებლობით. ეს არის გზა ცენტრალური დაგეგმვის ეკონომიკასა და სოციალიზმისკენ. სახელმწიფო უნივერსიტეტების მშენებლობა, რათა მოსახლეობას უნივერსიტეტის პროდუქტის, უმაღლესი საგანმანათლებლო მომსახურების, ავად თუ კარგად, მიღების საშუალება მიეცეს უფასოდ ან შეღავათიან ფასში, არაფრით განსხვავდება იდეისგან, ავაშენოთ სახელმწიფო საკვები პროდუქტების საწარმოები მოსახლეობის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის მიზნით. 

 

დემოკრატიულ თავისუფალ საზოგადოებაში თავისუფალ საბაზრო ეკონომიკური სისტემის პირობებში სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილი არ არის.

თუ განათლების მიღებაზე მოთხოვნა არსებობს, მიწოდებაც გაჩნდება. აუცილებლად მოიძებნება უნივერსიტეტები, რომლებიც სტუდენტის სწავლის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებენ, შესაბამისად, არანაირი საჭიროება არაა სახელმწიფომ უზრუნველყოს სწავლაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს როლი მხოლოდ იმით უნდა შემოიფარგლოს, რომ აიძულოს  უმაღლესები დაიცვან სათანადო სტანდარტები, რათა მომხმარებელი, ამ შემთხვევაში სტუდენტი, არ დაზარალდეს, ისევე, როგორც ამას სახელმწიფო აკეთებს, ვთქვათ, რესტორნებში, აკონტროლებს სანიტარული ნორმების შესრულებას და ა.შ. 

ჯერჯერობით, სანამ სახელმწიფოს არ აქვს საშუალება სრულად დააფინანსოს სტუდენტის განათლება, ბაზარს შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნას ისეთი პროგრამების მიწოდების კუთხით რომელთა დაუფლებაც არ უზრუნველყოფს სტუდენტისთვის მომავალში მყარ შემოსავალს, და, რაზეც სახელმწიფოსგან დაფინანსების არ არსებობის შემთხვევაში მოთხოვნაც არ იარსებებს. საზოგადოება კი შეიძლება თვლიდეს, რომ  ასეთი პროფესიის მქონეთა არსებობა საჭიროა. მაგალითად, საჭიროა არსებობდეს არქეოლოგი, რუსთველოლოგი, და ა.შ., მაგრამ, ვინაიდან ასეთი პროფესიის დაუფლებისას არ არის ცხადი მომავალი შემოსავალი, შეიძლება ცოტა, ან არავინ მოიძებნოს ისეთი, რომ ამ კუთხით განათლების მისაღებად მზად იყოს ფული გადაიხადოს. ამ დროს საჭიროა სახელმწიფოს მიერ, პირველ რიგში, სრულად, სწორედ ასეთი პროგრამები დაფინანსდეს.

 

ამ შემთხვევაშიც, თუ გაჩნდება მსურველი სტუდენტი და გადამხდელი სახელმწიფო, აუცილებლად გახსნიან შესაბამის ფაკულტეტებს კერძო უმაღლესი სასწავლებლები, და სახელმწიფო უმაღლესის არსებობის აუცილებლობა კვლავაც არაა.

სახელმწიფომ შეიძლება განსაკუთრებულად დააფინანსოს გარკვეული მიმართულებები, და ვაუჩერები ჩაურიცხოს იმ კერძო უნივერსიტეტებს, რომლებიც ამ მიმართულებების სწავლებას უზრუნველყოფენ. ისევე, როგორც, როცა სახელმწიფო, ვთქვათ, ქალაქის ძველ უბნებს ანახლებს, ფულს უხდის კერძო სამშენებლო კომპანიებს. ამისთვის ხომ არაა საჭირო სახელმწიფოს საკუთარი, სახელმწიფო სამშენებლო კომპანია გააჩნდეს. მაშ, რა საჭიროა სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობა?

სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობა ისევე აბსურდულია, როგორც სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის, სახელმწიფო ხორც-პროდუქტების ქარხნისა თუ სახელმწიფო სილამაზის სალონის და ა.შ. თუმცა, აბსურდულობა არ ნიშნავს რომ მსოფლიოში ამის პრაქტიკა არ არსებობს. 

 

2011 წლიდან ყველა უნივერსიტეტი, გარდა ბათუმის საზღვაო აკადემიის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსტიტეტის, ქუთაისის სამუსიკო კოლეჯისა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიისა გახდა კერძო - კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირი. 

კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის კი ზოგიერთის ამორჩევა წარსული სამართლებრივი სტატუსის, დამფუძნებლების თუ სხვა ნიშნით და მათი განსხვავებულად დაფინანსება არაკონსტიტუციური ქმედებაა, უგულებელყოფს თანაბარი, სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, რომელთა დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ უნივერსიტეტებში გარკვეულ მიმართულებებზე უფასოდ სწავლის შესახებ განცხადება არაერთხელ გაკეთდა, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც განთავსდა და შესაძლოა მრავალმა აბიტურიენტმაც უკვე ამის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ მინისტრის ბრძანება, ან მთავრობის რაიმე ნორმატიული აქტი ამასთან დაკავშირებით ზემოთხსენებული მიზეზების გამო ჯერ არ გამოსულა. იმისთვის, რომ სამინისტროს მიერ განსაზღვრული უნივერსიტეტების განსხვავებულად დაფინანსებას კანონიერი საფუძველი მიეცეს, აუცილებელია მათი სახელმწიფო უნივერსიტეტებად - საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გადაკეთება.

 

საქართველოში უმაღლესი განათლების ინდუსტრიის მომავალი კერძო უნივერსიტეტების განვითარებაშია. ბაზარზე არსებული კერძო და ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტების შედარება ცხადად გვანიშნებს, რომ პროგრესი კერძო უნივერსიტეტებში ხდება. დღეს წამყვან კერძო უნივერსიტეტებში უმაღლესი საგანმანათლებლო მომსახურება უტოლდება (აღემატება კიდეც) ევროპის საშუალო უმაღლესებში არსებულ დონეს. მაშინ, როცა სახელმწიფო უმაღლესებში ეს მომსახურება აფრიკის ყველაზე განუვითარებელი ქვეყნების უმაღლესების დონეზეა. 

სახელმწიფო უნივერსიტეტების აგონიას 20 წელიწადზე მეტია ვაკვირდებით და ეს პროცესი სახელმწიფოს ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად გარდაუვალია. შესაბამისად მკვეთრად განსხვავებულია კურსდამთავრებულთა დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი კერძო უნივერსიტეტებსა და ყოფილ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის. მაგალითად, საქართველოს უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 92%-ს აღემატება, ანალოგიური სურათია სხვა წამყვან კერძო უმაღლეს სასწავლებლებში, მაშინ, როცა ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეს მაჩვენებელი იშვიათ გამონაკლისებში თუ აღწევს 40%-ს. 

საზოგადოებაში დასაქმების მაჩვენებლის ზრდა - აი, რა არის საზოგადოების მიზანი! თვითმიზანი სახელმწიფო უნივერსიტეტების შენარჩუნება კი არა, არამედ სტუდენტებისთვის ისეთი ცოდნის მიცემაა, რაც მათ დასაქმებას უზრუნველყოფს. თუ საკითხს ამ კუთხით შევხედავთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ გამოსავალი უმაღლეს საგანმანათლებლო ბაზარზე სახელმწიფო უნივერსიტეტების ხვედრითი წილის შემცირებასა და მათი კერძო უმაღლესებით ჩანაცვლებაშია. 

 

დღეს ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტების სასათბურე პირობებში ჩაყენება, როცა სახელმწიფო გამორჩეულად აფინანსებს მათ და მომხმარებლისთვის (სტუდენტისთვის) საუნივერსიტეტო მომსახურებას უფასოს ხდის, შეაჩერებს ან საგრძნობლად შეანელებს კერძო უნივერსიტეტების განვითარებას.

 

ამ ნაბიჯით სახელმწიფო სასტიკ კონკურენციას უწევს კერძო უმაღლეს სასწავლებლებს და აფრთხობს იმ ინვესტორებს, ვინც ამ დარგს აფინანსებენ. 2003 წლიდან დღემდე უმაღლეს  საგანმანათლებლო ბიზნესში 100,000,000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კერძო ინვესტიცია განხორციელდა. სწორედ ამან განაპირობა ამ წლებში თანამედროვე სტანდარტების კერძო უნივერსიტეტების აღმოცენება. თუ ეს ბაზარი უინტერესო აღმოჩნდება ინვესტორებისთვის, აღარ განხორციელდება მომავალში კერძო ინვესტიციები. კერძო უმაღლესების წილი ბაზარზე შემცირდება სახელმწიფო უნივერსიტეტების სასარგებლოდ. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამჟამად სახელმწიფოს საზრუნავი ბაზრის 60%-ია, მომავალში ეს პროცენტი მოიმატებს, მაშინ, როცა სახელმწიფო ხარისხიანი მომსახურებით ბაზრის 60%-ის დაკმაყოფილებასაც ვერ ახერხებს. კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარებისთვის ხელშეშლა ახლად ფეხადგმული ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო ინდუსტრიის დასამარების ტოლფასია.

ნიკოლოზ თამარაშვილი
ევროპის უარი რუსულ გაზს – რამდენად მძიმე იქნება რუსეთისთვის ევროპის გადაწყვეტილება
დავით წიქარიძე
ჩვენ ახალ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება
ირაკლი ლექვინაძე
როგორი უნდა იყოს ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკა
რატი აბულაძე
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შეფასება და რეკომენდაციები
მერაბ ჯანიაშვილი
„ექსპერტების“ ქვეყანა
ირაკლი კოვზანაძე
საპარტნიორო ფონდიდან სუვერენულ ფონდამდე
თემურ იობაშვილი
დავეწიოთ და გავუსწროთ... ბერძნებს!
იეროსლავა ბაბიჩი
საჭიროა თუ არა დეპოზიტის დაზღვევის პროგრამა ფინანსური სტაბილურობისთვის
ფადი ასლი
ახალი პროტექციონისტული კანონმდებლობა საქართველოს ეკონომიურ განვითარებას შეაფერხებს
ირაკლი კირტავა
საპენსიო რეფორმა და ფასიანი ქაღალდების ბაზარი
გიორგი აბაშიშვილი
ბიზნესის პოლიტიკური გარემო - გადამწყვეტი ფაქტორი ინვესტიციების მოსაზიდად
თენგიზ აბლოთია
მითები ეკონომიკის წინააღმდეგ
ირაკლი ლექვინაძე
პოლიტიკური გადაწყვეტილებები და კონკურენცია
ელდარ პირმისაშვილი
რამდენს იხდიან პიარში?
გიორგი აბაშიშვილი
როგორ გავზარდოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებების ეფექტიანობა?
გიორგი გიგოლაშვილი
მსოფლიო და საქართველოს სადაზღვევო ბაზრები
კახა მაღრაძე
პატრიოტიზმი დეტალებში
ლევან კალანდაძე
რატომ არ იყიდის არც ერთი ინვესტორი TV9-ს?
დავით ბეგიაშვილი
დავით ბეგიაშვილი
თენგიზ აბლოთია
ბიძინა და ლუმპენები
ზურაბ აბუაშვილი
ეკონომიკის ზრდის ფაქტორი ბიზნეს აქტიურობის გაზრდაა
კახა მაღრაძე
სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც ასეთი...
ირაკლი ლექვინაძე
მიგვიყვანს თუ არა აგრარული ფონდი სოფლის მეურნეობის კომერციალიზაციამდე
თენგიზ აბლოთია
სოფლის მეურნეობა–ქართული კონსერვატიზმის აუღებელი ბასტიონი
კოკა თოფურია
განათლების რეფორმა - წინ თუ უკან გადადგმული ნაბიჯი?
რატი აბულაძე
კავკასიის მომავალი კიბერწესრიგი
ზვიად დევდარიანი
17 მაისი - ევროპის დაისი
ვახტანგ გვაზავა
საქართველოს სჭირდება ინვესტიციები, რომლებიც რესურსების მართვის ტექნოლოგიებში გამოიხატება