geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:42
ხორცის მწარმოებელი კომპანია "ვერძი": „დაბალფასიან სეგმენტში შესვლამ გაამართლა"
2017-06-19 10:00:21
+
-

„დაბალფასიანი სეგმენტში შესვლამ გაამართლა"  -ასე აფასებს ხორცის მწარმოებელი კომპანია „ვერძის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ერეკლე ნატროშვილი კომპანიის მიერ ახალ კონცეფციაზე გადასვლას. მისი განცხადებით, კომპანიამ 1 თვეა დაბალფასიანი, 2 დასახელების სოსისი გამოუშვა .საუბარია, ქათმის და შერეულ(ქათმის და ღორის) სოსისზე, რომლის გასაყიდი ფასი 6-6.50 ლარია. ნატროშვილის განცხადებით, აღნიშნული პროდუქტის გაყიდვებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. „ძვირიანთან შედარებით ეს სეგმენტი ბევრად მომგებიანია.


„ხალხი ფიზიკურად ვერ ყიდულობს ძირადღირებულ პროდუქციას"-აცხადებს ნატროშვილი.


მისი თქმით, ახალი კონცეფციის ფარგლებში კომპანიამ თბილისში დამატებით 2 ბრენდული მაღაზია (გლდანში, თემქაზე) გახსნა,უახლოეს 1 კვირაში კი თბილისში კიდევ ერთ ობიექტს გახსნის. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაღაზიის ადგილის შერჩევის პროცესი. განიხილება ორი ვარიანტი, კერძოდ, მუხიანში და ვარკეთილში"-აცხადებს ნატროშვილი.


ამ დროისთვის მის მიერ წარმოებული ხორცპროდუქტების რეალიზაცია 2 ბრენდულ მაღაზიაში ხდება. მათ შორის 1 თბილისში, ხოლო ერთი-დედოფლისწყაროში მდებარეობს.



შეგახსენებთ, კომპანია გასულ წელს ძვირიან სეგმენტში იყო, რამაც არ გაამართლა. მაშინ კომპანიას საკუთრებაში არსებული 7 ბრენდული მაღაზიიდან 5-ის დახურვა მოუწია. შესაბამისად, კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოეშვა დაბალი და საშუალო სეგმენტისთვის პროდუქცია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან მცირე მოგების მარჟით ემუშავა.ახალი კონცეფციისთვის კომპანიამ 50 000 ლარის ინვესტირება განახორციელა.



კომპანიას საწარმო დედოფლისწყაროში აქვს და რამდენიმე სახის ხორცპროდუქტებს აწარმოებს. მათ შორის სოსისებს, ძეხვებს და ასე შემდეგ. საწარმო კვირაში 10-15 ტონამდე ხორცის გადამუშავებას ახდენს.


კომპანია „ვერძი" 2014 წლის ბოლოს დაფუძნდა. კომპანიამ ჯამში 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.


 

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი