geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:41
აჭარის ბრენდულ სასტუმროებში ადგილების 40–70% უკვე დაჯავშნილია – "უცხოელი ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება"
2017-06-15 09:30:55
+
-

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნა. რეგიონის ბრენდულ სასტუმროებში კი ტურისტული ნაკადის აქტივობა უკვე ფიქსირდება. სასტუმროებში ადგილების 40–70% უკვე დაჯავშნილია. 

 

სასტუმრო "რედისონ ბლუ ბათუმის" საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი სალომე წოწორია განმარტავს, რომ ნომრების 70 პროცენტი უკვე დაჯავშნილია. მისი განმარტებით, ამ დროისთვის სასტუმრო უკვე აქტიურად მუშაობს.


მისი განმარტებით, სტუმრების ძირითად ნაწილს რუსები, უკრაინელები,ისრაელელები, აზერბაიჯანელები, სომხები და თურქები შეადგენენ.


„წინა წელთან შედარებით, ვერ გეტყვით, რომ ცვალებადობაა, მაგრამ სასტუმროს აქტივობა ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება"-აცხადებს წოწორია.


ჰილტონ- ბათუმის მარკეტინგის სპეციალისტი თეონა დუმბაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ტურისტული აქტივობა უკვე დაწყებულია, სტუმრების 40 პროცენტს კი უცხოელი ვიზიტორები წარმოადგენენ. მათ შორის, არიან ისრაელიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან.


როგორც დუმბაძე განმარტავს, უკვე არის წინასწარი ჯავშნებიც, რომელიც წლის ანალოგიური პერიოდის იდენტურია.


ქობულეთში მდებარე სასტუმრო „ჯორჯია პალასის" პიარ მენეჯერი რუსუდან ცეცხლაძე განმარტავს, რომ ზაფხულის საკურორტო სეზონი აჭარაში უკვე გაიხსნა, რაც ტურისტების აქტივობაში გამოსახება.


ცეცხლაძის ინფორმაციით, წლების გასვლასთან ერთად სასტუმროს დატვირთულობა იმატებს. "არიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები. მათ შორის, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან. ჯავშნები არის, უფრო მეტად დატვირთულია შაბათ-კვირა. ტურიზმი საქართველოში ფეხს იკიდებს, განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთში. ამ მხრივ მუშაობა დადებითად მიდის. როგორი იქნება შედეგები, ამას სეზონის ბოლოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოაქვეყნებს"-აცხადებს ცეცხლაძე.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარა ზაფხულის ტურისტული სეზონს სიახლეებით ხვდება. 2017 წლის ტურისტულ სეზონზე სტუმრებს რეგიონში ახალი სასტუმროები, განახლებული საპლაჟო ინფრასტრუქტურა, გაზრდილი საჰაერო ფრენები და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები დახვდებათ.


აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოსაზიდად მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს წელს 16 სამიზნე ქვეყანაში ახორციელებს. შესაბამისად, რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდასაც აღნიშნული ქვეყნებიდან ელოდებიან.

 

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

1 Jan, 1970