geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:41
საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტი 136%-ით გაიზარდა - „ქართულ პროდუქციას ახალ ბაზრებზე შესასვლელად დიდი ბრძოლა უწევს"
2017-06-13 10:10:14
+
-

საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე უკვე 3 587.5 ტონა ხილისა და ბოსტნეული წვენი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 136%-ით მეტია. ექსპორტის ზრდაზე საუბრობენ კომპანიებიც, თუმცა ცალკეული კომპანიების შემთხვევებში ზრდა დაახლოებით, 20-50%-ს შეადგენს.

 

კომპანია „კულას" წარმომადგენელი გოჩა არჩვაძე "კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ექსპორტის მიმართულებით პარტნიორებად ახალი კომპანიები მოიძიეს, რამაც საბოლოო ჯამში, ექსპორტი 15-20%-ით გაზარდა.

 

„ექსპორტის მიმართულებით ახალ კომპანიებს ვიძენთ პარტნიორებად. ჩვენთან ექსპოტი 15-20%-ით გაიზარდა. ახალი პროდუქციები გამოვუშვით და ამან თავისთავად დაინტერესება გამოიწვია, როგორც ძველი, ისე ახალი პარტნიორების მხრიდან. ძირითადად პროდუქცის ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაგვაქვს. ჩვენ ექსპორტის მიმართულებით ყოველწლიური ზრდა გვაქვს და თუ რაიმე ხილი არსებობს ყველას ვაწარმოებთ. ექსპორტის თვალსაზრისით წვენების ბაზრის მიმართულება მზარდია." - განაცხადა გოჩა არჩვაძემ.

 

ექსპორტის ზრდაზე საუბრობს საკონსერვო საწარმო "ჯიამ გრუპის" დირექტორი რეზო გოგიტიძეც. მისი განცხადებით, მათ მიერ წარმოებული წვენების ექსპორტი წელს შარშანდელთან შედარებით თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. გოგიტიძის თქმით, ამჟამად პროდუქცის იაპონიაში, ისრაელსა და ჰოლანდიაში გააქვთ.

 

„ამჟამად ჩვენი კონცენტრირებული წვენის ექსპორტი იაპონიაში, ისრაელსა და ჰოლანდიაში ხდება. აღნიშნული ბაზრები ყველაზე კარგად გადამხდელები არიან. წლევანდელი ექსპორტის მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით თითქმის 2-ჯერ გაიზარდა, თუმცა ეს ნედლეულის მიღებისა და გადამუშავების ხარჯზე ხდება. " - განაცხადა გოგიტიძემ.

 

როგორც რეზო გოგიტიძე აცხადებს, ნედლეულის სიმცირის გამო სხვა ბაზრებზე გასვლა ვერ ხერხდება.

 

„სხვა ბაზრებზე გასვლას არ განვიხილავთ, რადგან ნედლეული მცირე რაოდენობითაა. მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე მიწოდენა. მაგალითად, კონტრაქტში სეზონის დაწყებამდე იაპონელები ხუთი წლის განმავლობაში 1 000 ტონის ჩამოსხმას მთხოვენ, ეს ვერც ერთ სეზონზე ვერ შევძელით, რადგან ამდენი ნედლეული არ არის საქართევლოში." - აღნიშნა რეზო გოგიტიძემ.

 

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, როგორც „კომერსანტს" საქსტატიდან აცნობეს, 2017 წლის იანვარ-აპრილში ხილის და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 136%-ით გაიზარდა. 2016 წლია 4 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 1 520.0 ტონა ხილისა და ბოსტნეული წვენი გავიდა, 2017 წლია ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 3 587.5 ტონამდე გაიზარდა. 2017 წლის 4 თვეში ხილისა და ბოსტნეულის წვენები ყველაზე დიდი რაოდენობით გერმანიაში გავიდა - 1 706.9 ტონა, რაც 448%-ით მეტია 2016 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელთან შედარებით, შარშან ანალოგიურ პერიოდში გერმანიაში 311.4 ტონა წვენის ექსპორტი განხორციელდა.

 

ხილის წვენების ექსპორტით მეორე ადგილზეა ისრაელი, კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით 2017 წლის იანვარ-აპრილში ისრაელში ექსპორტზე გავიდა 545.0 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენი, რაც 413 ტონით, 313%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლია იანვარ-აპრილში ისრაელში ექსპორტზე 131.7 ტონა ხილ-ბოსტნეულის წვენის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის მაჩვენებლით მესამე ადგილზეა ამერიკის სეერთებული შტატები - 421.0 ტონა. ხილ-ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ყველაზე დიდი ზრდა კი იაპონიაში დაფიქსირდა. კერძოდ, სტატისტიკის ერონული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლია იანვარ-აპრილში იაპონიაში 217.6 ტონა წვენი გავიდა, რაც 773%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2016 წლია 4 თვეში იაპონიაში 24.9 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენი გავიდა. მართალია, 2016 წელთან შედარებით საბერძნეთში ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი შემცირდა, თუმცა რაოდენობრივი მაჩვენებლით საბერძნეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. 2017 წლის იანვარ-აპრილში საბერძნეთში 204.9 ტონა ხილის და ბოსტნეულის წვენი გავიდა, 2016 წლია ანალოგიურ პერიოდში კი 249.4 ტონა.

 

ნატურალური წვენების ექსპორტის ზრდაზე საუბრობს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. თუმცა გიორგი ხანიშვილი „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ახალი ბაზრის მოძიება არც ერთ სეგმენტში არ არის მარტივი, მსოფლიოში კონკურენცია ძალიან დიდია და ქართულ პროდუქციას საკმაოდ დიდი ბრძოლა უწევს.

 

„სახელმწიფო ზრუნავს როგორც ალკოჰოლური, ისე არაალკოჰოლური სასმელების ექსპორტზე. ჩვენ ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით ზრდა გვაქვს. შესაძლოა, ზრდის ტემპები სხვა იყოს, ვიდრე ეს ალკოჰოლთან მიმართებითაა, მაგრამ როდესაც ჩვენ ბიზნესის განვითარებას ხელს ვუწყობთ და სხვადასხვა გამოფენებზე წარმომადგენლობებს ვაფინანსებთ, იქ მოდიან, როგორც ალკოჰოლური სასმელების კომპანიები, ასევე მინერალური სასმელების და წვენების მწარმოებელი კომპანიები.

 

ბაზრის მოძიება არცერთ სეგმენტში არ არის მარტივი მსოფლიოში კონკურენცია ძალიან დიდია და ქართულ პროდუქციას საკმაოდ დიდი ბრძოლა უწევს, რომ ადგილი დაიმკვიდროს, მაგრამ ხარისხისა და წარმოების კულტურის გამო ჩვენ ვფიქრობთ, რომ თანდათანობით სეგმენტს ვაფართოვებთ და სერიოზულ ბაზრებს ვიპყრობთ." - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი: ლიკა გურაბანიძე

1 Jan, 1970