geo eng rus
ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017. 09:23
„დარიალიჰესის ინფრასტრუქტურას არანაირი საფრთხე არ ემუქრება"- პროექტის განმახორციელებლი კომპანია „მწვანე ალტერნატივას" პასუხობს
2017-05-19 18:30:51
+
-

„დარიალიჰესის ინფრასტრუქტურას არანაირი საფრთხე არ ემუქრება" - პროექტის განმახორციელებლი კომპანია „ფერი" „მწვანე ალტერნატივას" „კომერსანტთან" პასუხობს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანაშვილი არ იზიარებს „მწვანე ალტერნატივას" მოსაზრებას და მას სისულელეს უწოდებს. „ჩვენი პასუხია -კიდევ უფრო მეტი პროექტი, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია და კიდევ უფრო მეტი განვითარება"-აცხადებს იორდანაშვილი.


მისი განმარტებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) „დარიალიჰესის" პროექტი არასწორად არ დაუფინანსებია. მისი თქმით, ეს მისი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. „ჩვენ მივიღეთ არაერთი საერთაშორისო ჯილდო ამ პროექტის ირგვლივ, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ პროექტის უნიკალური განხორციელებისთვის ვერცხლის პრიზიორები გავხდით"-აცხადებს იორდანაშვილი.


რაც შეხება იმას, რომ თითქმის არ იყო შესწავლილი მდინარე თერგში წყლის ხარჯი და ბანკის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მოძველებულ მონაცემებს (1990 წელი და ძველი), იორდანაშვილი კითხვას სვამს - „რას ნიშნავს არ იყო შესწავლი წყლის ხარჯი. წყალი ძველი მონაცემით უნდა აიღო აბა ზეგ რა წყალი იქნება, რა ვიცი. ეს რას ნიშნავს, რომ წყლის მოხმარება არასწორად დაითვალა? ანუ ერთი კუბით მეტს ვიღებთ, თუ ერთი კუბით ნაკლებს? მესმის გულისტკივილი, წარუმატებელი „მწვანე ალტერნატივის" და წარმატებული პროექტის, მაგრამ ამაზე შეგუება მოუწევთ"-აცხადებს იორდანაშვილი.


იორდანაშვილი აცხადებს, რომ „მწვანე ალტერნატივას" გუშინდელ განცხადებას აუცილებლად მოყვება EBRD-ის მხრიდან განმარტება.


როგორც ცნობილია, გუშინ „მწვანე ალტერნატივამ" გაავრცელა განაცხადა, რომ ორგანიზაციის საჩივარი დარიალი ჰესის პროექტთან მიმართებაში დაკმაყოფილდა. კერძოდ, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ბანკის დამოუკიდებელმა გასაჩივრების მექანიზმის (PCM) მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის თანახმადაც, EBRD-მ დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები, როცა მიიღო გადაწყვეტილება დარიალი ჰესის დაფინანსების თაობაზე. ამ ნაბიჯით, ბანკმა გაიზიარა მწვანე ალტერნატივასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდას" მიერ საჩივარში აღწერილი დარღვევები"-ნათქვამია „მწვანე ალტერნატივას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მათი ინფორმაციით, PCM-ის მომზადებული დასკვნის თანახმად, EBRD-მ სათანადოდ არ შეაფასა პროექტთან დაკავშირებული გეოდინამიკური რისკები დარიალ ჰესის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშში.


„დასკვნაში აღნიშნულია, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში შეფასებული იყო მხოლოდ პროექტის განხორციელებით გამოწვეული რისკები, და არა ისეთი საფრთხეები, როგორიცაა მეწყერები და ღვარცოფები, რომელთაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას დარიალი ჰესის ინფრასტრუქტურას, მომუშავე და საპროექტო არეალში მყოფ ადამიანებს. შესაბამისად, პროექტის დაფინანსების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებით ბანკმა დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა (შესაბამისობის სტანდარტი: 1.9).


დასკვნა ადასტურებს, რომ არ იყოს შესწავლილი ასევე მდინარე თერგში წყლის ხარჯის უახლესი მონაცემები. შესაბამისად, ბანკის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მოძველებულ მონაცემებს (1990 წელი და ძველი). გამომდინარე ზემოთქმულიდან, EBRD-მ ამ შემთხვევაშიც დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა (შესაბამისობის სტანდარტი: 1.5)


„მწვანე ალტერნატივაში" აცხადებენ,რ ომ დამოუკიდებელმა გასაჩივრების მექანიზმმა მოუწოდა EBRD-ს, რომ დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან მიმართებაში:


- უზრუნველყოს, როგორც პროექტის მიერ წარმოქმნილი, ასევე პროექტისგან დამოუკიდებლად არსებული რისკების/საფრთხეების გამოვლენა და მათი ინტეგრირება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშში;


- უზრუნველყოს ბსგზშ ანგარიშში გარემოსდაცვითი მონაცემების განახლება, მათ შორის, მდინარეზე დაგეგმილი სხვა პროექტებისა ან/და კლიმატის ცვლილების ზემოქმედება მდინარეში წყლის ხარჯის ოდენობაზე;


- აქტიურად იმუშაოს დარიალ ჰესის ინვესტორთან, რათა ამ უკანასკნელმა გაასაჯაროოს მდინარეში არსებული წყლის ოდენობის განახლებული მონაცემები; სასურველია პროექტის ექსპლუატაციის დაწყებამდე; და დაასაბუთოს რომ მდინარეში არსებული წყლის ოდენობა უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების და კონკრეტულად, ნაკადულის კალმახის შენარჩუნებას.


ცნობითვის: მწვანე ალტერნატივამ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდამ" 2014 წლის 22 ნოემბერს შეიტანეს საჩივარი EBRD-ს დამოუკიდებელ გასაჩივრების მექანიზმში დარიალის ჰესისთვის კრედიტის გამოყოფის თაობაზე. საჩივარში მოსარჩლეები ითხოვდნენ დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმისგან დარიალი ჰესის პროექტის თავსებადობის შეფასებას EBRD-ის შესაბამის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკებთან.


შეგახსენებთ, „დარიალიჰესს" რომელიც, ექსპლუატაციაში გასული წლის დეკემბერში შევიდა. მისი გამომუშავება მოსალოდნელ მაჩვენებელს 10-15% ით აჭარბებს.


 „ფერი" 1991 წელსაა დაფუძნებული. კომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია ენერგეტიკული პროექტებზე.






 

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი