geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 08:27
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო
2017-04-21 10:00:00
+
-

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.acda.gov.ge) 20 აპრილს გამოცხადდა და 5 მაისამდე გაგრძელდება.

 


პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობა, არაუმეტეს 100 ცალი, 1 ერთეული 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი), თაფლის შესანახი სხვადასხვა მოცულობის (40, 60 და 220 ლიტრიანი) ავზები, რომელთა ჯამური ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 2 200 ლიტრს და ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით.

 


იმ კოოპერატივს რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე იმ კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეებს შეადგენენ მხოლოდ ქალები, კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ ღირებულების 20% -ის ოდენობით.
პროგრამაში მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.

 


კოოპერატივის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ შემოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში. მონაწილე ასევე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.

 


პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში განათავსოს ფუტკრის ოჯახები სკების მიღებიდან 2 წლის ვადაში.

 


პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფა.