geo eng rus
ორშაბათი, 01 მაისი, 2017. 02:25
Deutsche Bank–ი კაპიტალს ზრდის და აქციების გაყიდვისთვის ემზადება
2017-03-20 20:30:03
+
-

Deutsche Bank-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, მიმდინარე კვირაში კომპანია აპირებს სააქციო კაპიტალის გაზრდას 8 მილიარდი ევროთი, რათა განამტკიცოს საკუთარი ფინანსური სტრუქტურა და უზრუნველყოს შემდგომი კორპორატიული ზრდა.

 


ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა Bloomberg-ი აქვეყნებს, რომლის ავტორის სტივენ არონსის თანახმად, ფრანკფურტში დაფუძნებული ბანკი გამოუშვებს 687 500 000 ახალ აქციას და ფინანსური ბაზრისთვის თითოეულის შეთავაზების ფასი იქნება 11 ევრო და 65 ევროცენტი. ახალ აქციათა შეთავაზების ფასი დაახლოებით 35 პროცენტითაა ნაკლები იმ ფასზე, რომელიც გასულ პარასკევს ბანკის აქციათა ბოლო ვაჭრობის შედეგად დაფიქსირდა. არსებულ ინვესტორებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ბანკის ერთი ახალი აქცია ყოველ ორზე, რომელიც მათ ხელშია.

 


ბანკის ახალი აქციების შეთავაზება დაიწყება 21 მარტიდან და გასტანს 4 აპრილამდე. ესაა უკვე რიგით მეოთხე კაპიტალის ინექცია ბანკის ფინანსურ სტრუქტურაში, 2010 წლიდან.

 


უნდა აღინიშნოს, რომ Deutsche Bank-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ კრაიანი არც თუ ისე დიდი ხნის წინ აცხადებდა, რომ მას აღარ სურდა აქციონერებისგან ახალი კაპიტალის მიღება. თუმცა, ამჯერად მან შეცვალა თავისი უწინდელი პოზიცია, რამეთუ გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ბანკის აქციის ფასი თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, ხელმძღვანელობამ ვერაფრით მოუძებნა მყიდველი ბანკის სამომხმარებლო კორპორატიულ ერთეულს.

 


გასულ პარასკევს, ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციის ფასი ერთნახევარი პროცენტით შემცირდა და დღის ბოლოს დაფიქსირდა 17 ევროსა და 86 ევროცენტის ნიშნულზე. მიუხედავად ამისა, აქციის ფასი კვლავ აღემატება 80 პროცენტით იმ ფასს, რომელიც 30 სექტემბერს იყო. დღეს ინვესტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რამეთუ მოელიან ეკონომიკური ზრდის განახლებას უახლოეს მომავალში. გარდა ამისა, სასესხო კაპიტალის ბოლოდროინდელ გაძვირებას უსათუოდ მოყვება საბანკო მოგებათა ზრდა" - ნათქვამია სტატიაში.

 


"გერმანიის უდიდესმა ბანკმა ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჯამში 8 მილიარდ ევროზე მეტად იზარალა. ხელმძღვანელობას სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა ბანკის რეპუტაციისთვის საზიანო სკანდალების მოსაგვარებლად. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შეამცირეს რისკიანობა საინვესტიციო ოპერაციებში.

 

 

ამგვარად, ბანკი ცდილობს ყველანაირად წაახალისოს ინვესტორები - შეიძინონ ახალი აქციები, ჰპირდება რა მათ დივიდენტებისა და ერთდროულად მომგებიანობის განახლებას. ხელმძღვანელობის თანახმად, ეს უკვე მიმდინარე წელსაა მოსალოდნელი.

 

 

გარდა ამისა, ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს საბანკო-საცალო ოპერაციების გაყიდვას ინდოეთსა და ევროპის ქვეყნებში, ესპანეთის ჩათვლით. როგორც ამბობენ, ამით მნიშვნელოვნად გაიზრდება ბანკის კაპიტალის დონე.

 

 

მარტის დასაწყისში ბანკის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ახალი აქციები წინასწარ იქნა შეკვეთილი შეთავაზების ფასად, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, შეადგენს 11 ევროსა და 65 ევროცენტს. შემსყიდველთა შორის არის ისეთი საინვესტიციო ბანკები როგორიცაა Credit Suisse, Barclays, Goldman Sachs, BNP Paribas, Commerzbank, HSBC, Morgan Stanley და UniCredit. როგორც აღინიშნა, Deutsche Bank-ის აქციათა შეძენის მსურველთა რაოდენობა 30-დეა გაზრდილი.

 

 

დღეისთვის, Deutsche Bank-ს ორი უდიდესი ინვესტორია ყატარის სამეფო ოჯახი და ჩინური HNA ჯგუფი, რომლებმაც უკვე განაცხადეს, რომ ისინიც აპირებენ გერმანულ ბანკში თავიანთი კუთვნილი წილების გაზრდას" - ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა Bloomberg-ის სტატიაში.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი: საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი