geo eng rus
ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017. 06:40
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო ბიზნესფორუმის მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, მიღწევები და შესაძლებლობები გააცნო
2017-03-20 15:15:15
+
-

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, მიღწევებზე და შესაძლებლობებზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა „რედისონში" გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები." ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფორუმს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე უცხოელი და ქართველი ინვესტორები ესწრებოდნენ.

 


გიორგი ჩერქეზიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და გასული წელს საქართველოში შემოსული ინვესტიციების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. მისი განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1, 6 მილიარდ (1,645 მლნ.) აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება 2015 წლის წინასწარ მონაცემებს, ხოლო 5%-ით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. 2016 წელს ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი რეინვესტიციების ოდენობა და ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო რაოდენობის 32%-სშეადგენს.

 


პრეზენტაცია, რომელიც მინისტრის მოადგილემ ფორუმის პანელურ სესიაზე წარმოადგინა, ასევე ეხებოდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და დინამიკას. გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, 2017 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 %, შეადგინა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო პერიოდის განმავლობაში. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება, რასაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც ეთანხმებიან. როგორც ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, 2016 წელს ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ენერგეტიკის, ფინანსურ და სამშენებლო სექტორებში. 2017 წლის იანვარში ასევე დიდი ზრდა იყო ექსპორტშიც.

 


პანელურ სესიაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც, მათ შორის ტურიზმის ზრდის რეკორდული მაჩვენებლების, საბანკო და საფინანსო სექტორის განვითარების, დაბალი გადასახადებისა და მიმზიდველი საინვესტიცო გარემოს შესახებ, რასაც, მისი თქმით, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციებიც ადასტურებს. გიორგი ჩერქეზიშვილმა ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების კიდევ უფრო წარმოჩენისა და ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების ხელშეწყობისთვის.