geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:29
Bloomberg: ლე პენის გამარჯვება ფრანგული ბანკების აქციებს 25%-ით გააუფასურებს
2017-03-17 10:00:32
+
-

ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო საბანკო კორპორაციის, Citigroup-ის ინფორმაციის მიხედვით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთის საბანკო სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდება.

 

Citigroup-ის ანალიტიკოსების მიხედვით, ევროზონისადმი ნეგატიურად განწყობილი კანდიდატის გამარჯვება ფრანგული ბანკების ღირებულებას დაახლოებით ერთი მეოთხედით შეამცირებს.

 

„უკანასკნელ პერიოდში გამართულ არჩევნებში მოულოდნელი შედეგები მივიღეთ," მიიჩნევენ აცურა გუელფი და საიმონ ნელისი, რაშიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებისა და ბრიტანეთის ევროკავშირისგან გამოყოფასთან ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გულისხმობენ. „ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში ვარდნა შესამჩნევი იქნება," აღნიშნავენ ისინი.

 

ლე პენის მიზანს საფრანგეთის ევროზონიდან გამოყვანა და მონეტარული დამოუკიდებლობის მიღება წარმოადგენს, რაც Citigroup-ის მიხედვით, მნიშვნელოვან ნეგატიურ ცვლილებებს გამოიწვევს. უფრო კონკრეტულად, კორპორაციის გათვლებით, Societe Generale-ს აქციები დღევანდელ ღირებულებასთან შედარებით 38%-ით შემცირდება, BNP Paribas-ის კი 23%-ით.

 

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს ჩატარდება. 48 წლის ლე პენის კონკურენტები ბიზნესისადმი უფრო ლოიალურად განწყობილი ლიდერები, ფრანსუა ფილიონი და ემანუელ მაკრონი იქნებიან.

 

 

ავტორი: Bloomberg