geo eng rus
სამშაბათი, 27 ივნისი, 2017. 02:33
ღვინის აღმართი N1 - ში მდებარე ისტორიული სადარბაზოს რესტავრაცია დაიწყო
2017-02-16 10:00:00
+
-

თბილისის განვითარების ფონდმა ღვინის აღმართი N1 - ში მდებარე ისტორიული სადარბაზოს რესტავრაცია დაიწყო. ფონდის ინფორმაციით, სამუშაოები პროექტი „ახალი ტფილისის" II ეტაპის ფარგლებში, ისტორიული სადარბაზოების რეაბილიტაციის მიმართულებით ხორციელდება.

 


რესტავრაცია უტარდება ღვინის აღმართის N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს, რომლის მხატვრობა 2016 წელს ღვინის აღმართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, საღებავების სქელი ფენის ქვეშ აღმოჩნდა.

 

 

 

 

 

სადარბაზოში აღმოჩენილი მხატვრობა XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება და იმდროინდელი თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელ ნამუშევრებს წარმოადგენს. კედლებზე გამოსახულია ამურები და ანგელოზები, გამოყენებულია ოქროს იმიტირებული საღებავები.

 

 

 

 

 

 

რესტავრაციის საწყის ეტაპზე, სადარბაზოს კედლებს მოშორდა საღებავების რამდენიმე ფენა, რის შემდეგაც გამოვლინდა მხატვრობა. ამჟამად, ისტორიულ სადარბაზოში საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გულისხმობს კედლების გაწმენდას, ბზარების შევსებას და ინექტირებას.

 

 

 

 

ღვინის აღმართი N1 - ში მდებარე ისტორიული სადარბაზოს სრული რესტავრაცია 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.