geo eng rus
სამშაბათი, 27 ივნისი, 2017. 02:31
"კომერსანტის" ექსკლუზივი: საქართველოში საქონლის ხორცის დეფიციტია - „ბაზარზე ფასმა დაახლოებით 2 ლარით მოიმატა"
2017-02-14 13:10:55
+
-

საქართველოში საქონლის ხორცის დეფიციტია. როგორც „კომერსანტთან" საუბრისას ქვეყანაში მოქმედ სასაკლაოებსა და ხორცის-პროდუქტების მაღაზიებში აცხადებენ, დეფიციტის გამო ბოლო რამდენიმე თვეა საქონლის ხორცზე ფასიც დაახლოებით 2 ლარით გაიზარდა. მათივე განცხადებით, დეფიციტის მიზეზი ცოცხალი საქონლის ქვეყნიდან გაყვანამ წარმოქმნა.

 

სურსათის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აზერბაიჯანში, ეგვიპტეში, ერაყში, საუდის არაბეთსა და სირიაში ხორციელდება.

 


აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი არ ხორციელდებოდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტი 2008 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ იზრდება. 2008 წელს ქვეყნიდან 584.4 ათასი დოლარის ღირებულების ცოცხალი საქონლის ექსპორტი განხორციელდა, 2016 წელს წელს კი ეს მაჩვენებელი 36,841.6 ათას დოლარამდე გაიზარდა. 2015 წელს კი ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტმა 20,103.4 ათასი დოლარი შეადგინა.

 


სწორედ გაზრდილი ექსპორტს ასახელებენ სასაკლაოებში საქონლის ხორცის დეფიციტის მიზეზად. როგორც „კომერსანტს" „იბერმითში" განუცხადეს, „ბოლო პერიოდში საქონლის ხორცის ფასმა 2 ლარამდე მოიმატა, რადგან დეფიციტია. დეფიციტი გამოიწვია ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტმა. ცოცხალი საქონელი არაბეთის ქვეყნებსა და აზერბაიჯანში გადის. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაიზარდა ამ ქვეყნებიდან ინტერესი, ნამდვილად ვერ გეტყვით ", - განაცხადეს „იბერმითში".

 

„საქონლის ხორცის დეფიციტი ძალიან დიდი დოზითაა. შემცირდა სულადობაც. კლება ქვეყნიდან ცოცხალი საქონლის მასიურმა გადინებამ გამოიწვია. ისინი დიდ თანხებს იხდიან და საქონელს მაღალ ფასში იბარებენ. ხალხს კი ურჩევნიათ მათ მიჰყიდოს საქონელი. ძირითადად, ცოცხალი საქონელი არაბეთის ქვეყნებში გადის", - შპს „მატადორის" ხელმძღვანელმა იოსებ კოხტაშვილმა.

 

"ცოცხალი საქონლის ხორცის დეფიციტია. გარშემო ყველა იმას ამბობს, რომ ხორცს ვერ შოულობენ. კლების მიზეზი კი ცოცხალი ხორცის ექსპორტზე გატანაა." - განაცხადა ,,გუდელისის" ხელმძღვანელმა ლევან ხაღულაშვილმა.

 

დეფიციტზე საუბრობენ კომპანია „ვაკის ხორცპროდუქტებშიც". „საქონლის ხორცის დეფიციტი არსებობს, მაგრამ ვცდილობთ, რომ ეს როგორღაც დავაბალანსოთ და წარმოებას პრობლემა არ შეექმნას", - განუცხადეს „კომერსანტს" „ვაკის ხორცპროდუქტებში".

 

აღსანიშნავია, რომ ხორცის გაძვირება კვლევებითაც დასტურდება. როგორც ცნობილია, იანვარში საქართველოში საცალო პროდუქტების ფასების ინდექსი გაიზარდა. თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა "აისეტის" მონაცემებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ფასების ზრდამ 10,1% შეადგინა. კვლევის ავტორთა ინფორმაციით, ყველაზე მეტად სწორედ ღორის ხორცის ფასი გაიზარდა, ზრდამ 35% შეადგინა.

 


ავტორი: ლიკა გურაბანიძე

1 Jan, 1970