geo eng rus
სამშაბათი, 24 იანვარი, 2017. 09:01
ზამთრის კურორტების სამოსისა და აქსესუარების გაყიდვა-გაქირავებამ 20%-ით მოიმატა
2017-01-11 10:00:34
+
-

 

სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი დეკემბერში გაიხსნა და მას შემდეგ სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს. „კომერსანტი" დაინტერესდა, რამდენად მომზადებულები შეხვდნენ სეზონს სპორტული სამოსის მაღაზიები და გაყიდვების თვალსაზრისით როგორია მათი აქტივობა წელს.

 

აღმოჩნდა, რომ შარშანდელთან შედარებით ზამთრის კურორტების სამოსისა და აქსესუარების გაყიდვა-გაქირავებამ 20%-ით მოიმატა. მაღაზიის მეპატრონეების თქმით, ლარის გაუფასურება მათ ბიზნესზე უარყოფითად არ ასახულა.

 

„იქს ტრიმ"-ის აღმასრულებელი დირექტორი ხათუნა მინდელი „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება მათ ბიზნესზე არ აისახა და გაყიდვებმა შარშანდელთან შედარებით იმატა.

 

"გაყიდვების თვალსაზრისით შარშანდელთან შედარებით წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. გაყიდვებმა დაახლოებით 20%-ით მოიმატა. ლარის გაუფასურების გამო არ გვეგონა თუ ასეთი კარგი სიტუაცია იქნებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ლარის გაუფასურება ჩვენზე არ აისახა." - განაცხადა ხათუნა მინდელმა.

 

გაყიდვების 20%-იან ზრდაზე „მოგზაური რენტის" მენეჯერი ოთარ თოიძეც საუბრობს.

 

„მოთხილამურეების სამოსსა და სპეციალურ ინვენტარზე გაქირავების თვალსაზრისით წელს მოთხოვნა შარშანდელთან შედარებით 20-% ით გაიზარდა. ლარის კურსმა ჩვენზე გავლენა ვერ მოახდინა, რადგან ის ფასი შევინარჩუნეთ, რაც გვქონდა, თანაც ჩვენ მუდმივი მომხმარებელი გვყავს." - განუმარტა „კომერსანტს" თოიძემ.

 

„მეგა სპორტი"-ის გაყიდვების მენეჯერი დავით ვაშაკიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ გაყიდვებმა მათთანაც იმატა და ეს ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. 

 

„გაყიდვების თვალსაზრისით შარშანდელთან შედარებით წელს უკეთესი სიტუაციაა. გაყიდვებმა იმატა და ამას ზამთრის კურორტების სწრაფ განვითარებას ვუკავშირებ, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თოვლის ხარისხს. წელს ძალიან კარგი თოვლი მოვიდა. გაყიდვები ძირითადად დეკემბერში, ანუ სეზონის გახსნისას გვაქვს." - აღნიშნა ვაშაკიძემ.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე