geo eng rus
სამშაბათი, 24 იანვარი, 2017. 09:01
"აზარტული თამაშების სივრცე თბილისიდან მოშორებით უნდა გადავიდეს"
2017-01-10 10:00:08
+
-

 

არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშების ობიექტები დედაქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში არ უნდა არსებობდეს, ისინი ქალაქიდან საერთოდ უნდა გავიდეს და ერთ სივრცეში მოექცეს. ასევე, მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ობიექტებზე შესვლა თუ, რამდენად უფლებამოსილია ესა თუ ის პირი ითამაშოს აზარტული თამაშები.

 

 

​როგორც „სითი კვირას" თამაზ დოგრაშვილმა განუცხადა, აზარტული თამაშების სივრცე იმდენად ორგანულად არის ჩაქსოვილი ქალაქის სფეროში, რომ ადამიანს არ სჭირდება შორს წასვლა და დაფიქრება. პირდაპირ სახლიდან გამოდის და შედის აზარტული თამაშების ზონაში, რაც ხშირად მისი მომავლისთვის საბედისწერო ხდება.

 

 


​მისივე თქმით, დაუშვებელია აზარტული თამაშების ობიექტების უმაღლეს სასწავლებლებთან, სკოლებთან და ზოგადად ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილებთან ახლოს განლაგება.

 

 

"ცოტა უფრო მკაცრი კონტროლი არის საჭირო რა კონტიგენტი, რომელი სოციალური ფენის წარმომადგენლები შედიან სათამაშოდ, რომ მერე, უამრავი გაჭირვებული ოჯახი არ გაუბედურდეს. რასაც მე ვიტყვი, ძალიან სუბიექტური იქნება. სათამაშო ბიზნესმა უამრავი ქართული ოჯახი გააუბედურა. ვფიქრობ, რომ სწორი იქნება ქალაქიდან გარეთ გადაიტანონ. ცოტა უხერხულია შესადარებლად, მაგრამ, მაგალითად მოვიყვანდი ლას-ვეგასს, რომელიც ცალკე ურბანული წარმონაქმნია, სადაც ხალხი სათამაშოდ ჩადის",-აცხადებს არქიტექტორი.

 

 

მისი აზრით, 25 წლამდე ასაკის მამაკაცს კატეგორიულად უნდა აეკრძალოს სათამაშოდ შესვლა.

 


თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი პირველი იანვრიდან გაიზარდა. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში მთლიანობაში 52,3 მლნ ლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი, რაც 12,3 მლნ ლარით მეტია 2016 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით.