geo eng rus
ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017. 09:19
საქართველოში გზების დაგება თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით იწყება
2017-01-10 17:00:57
+
-

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების დაგებას თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით იწყებს. როგორც დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, გასულ წელს მოხდა ახალი მეთოდოლოგიის გამოცდა და უკვე მიმდინარე წელს, რამდენიმე გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებული იქნება გრუნტის სტაბილიზაცია ახალი მეთოდით.

 

 

სეთურიძე აცხადებს, რომ ეს არის მსოფლიოში ცნობილი მეთოდოლოგია, რომელიც ამცირებს ხარჯებს და ზრდის გზის საექსპლუატაციო მაჩვენებლებს და ვადებს. მისივე თქმით, მთავარი დადებითი ფაქტორია არის, რომ ამ პროცესში მთლიანად ქართული კომპანიები იქნებიან ჩართული, გამოყენებული იქნება ქართული ნედლეული. ახალი მეთოდის გამოყენების შედეგად გზა ხდება მთლიანად წყალგაუმტარი.


 

გიორგი სეთურიძე „კომერსანტთან" 2017 წელს დაგეგმილ სამუშაოებზეც საუბრობს. მისი თქმით, გზების დეპარტამენტი ორი სახის მშენებლობა-რეაბილიტაციას აწარმოებს -  ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე და მეორეხარისხოვანი გზების სარეაბილიაციო-სამშენებლო სამუშაოები.

 


მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ცენტრალური ავტომაგისტრალის მონაკვეთებზე ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება. ზემო-ოსიაური ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა და ასევე სამტრედია გრიგოლეთის ნაწილზე, რომელიც ოთხად არის გაყოფილი, ერთ-ერთ მონაკვეთზე მშენებლობა დაიწყება.

 


ასევე , მსხვილ პროექტებს შორისაა ბაკურციხე, გურჯანიის შემოვლითი გზა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჟინვალიდან-ჩარგლის მიმართულებით გზის სრული რეაბილიტაცია. მისი განცხადებით,  წელს დაგეგმილია დიდი პროექტი ჟინვალი-თიანეთის მიმართულებით 60 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაციაც.

 

 

გიორგი სეთურიძის თქმით, მშენებლობასთან დაკავშირებული კონტრაქტების ნაწილი უკვე დადებულია, ნაწილზე კი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.



რაც შეეხება იმერეთი-რაჭის გზის მონაკვეთს, სეთურიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები ტარდება და ამ პროცესის დასრულების შემდეგ გადაწყდება კონკრეტულად რა მონაკვეთს გაივლის ეს გზა. ასევე საპროექტო პროცესია თუშეთის მიმართულებით გზის მონაკვეთზე , წელს უნდა დაიწყოს საირმე-აბასთუმნის მიმართულების გზის მშენებლობაც.

 

 

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დევდორაკის გვირაბის მშენებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, კვლვების შემდეგ გადაწყდა, რომ ადგილზე ერთ კილომეტრიანი გვირაბი აშენდება და ეს პროცესი რეკორდულად მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს.

 


გიორგი სეთურიძის ინფორმაციითვე, წელს გაზრდილია დაფინანსება საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან და დაფინანსების დიდი ნაწილი სწორედ დონორებზე მოდის. ჯამში პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, მოვლა, შენახვა და განსახლებისთვის 840 მილიონია გამოყოფილი.



ავტორი: სალომე სოსელია