აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სწრაფად ცვლის ყველა საგარეო პოლიტიკურ კონფიგურაციას, ეს დიდწილად ემთხვევა რუსეთის ხედვას. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ხმას ვაძლევთ ერთსა და იმავე რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც შეიცავს აბსოლუტურად დაბალანსებულ ფორმულირებას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ეს აქამდე აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ახალი ადმინისტრაცია სწრაფად ცვლის ყველა საგარეო პოლიტიკურ კონფიგურაციას, ეს დიდწილად ემთხვევა ჩვენს ხედვას. ახლა ხორციელდება დიალოგზე გასვლის, ყველა ურთიერთობის დალაგების მცდელობები. წინ გრძელი გზაა, რადგან ორმხრივი ურთიერთობების მთელი კომპლექსი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, თუმცა თუ შენარჩუნდება ორი ლიდერის, პრეზიდენტ პუტინისა და პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური ნება, ამ გზის საკმაოდ სწრაფად გავლა იქნება შესაძლებელი“, – თქვა პესკოვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინაში ომის დასრულება სურს, ევროპა კი ომის სახით „ბანკეტის გაგრძელებას“ ითხოვს. ამის შესახებ ლავროვმა ერთ-ერთ რუსულ მედიაჰოლდინგთან ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუს ტექსტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ჯო ბაიდენის ვადის შემდეგ მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, იხელმძღვანელონ საღი აზრით. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ სურთ ომის დასრულება, სურთ მშვიდობა. ვინ ითხოვს ომის სახით „ბანკეტის გაგრძელებას?“ – ევროპა“, – თქვა ლავროვმა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი პრაგმატული ადამიანია, მისი ლოზუნგი საღი აზრია, თუმცა მისი მიზანი მაინც MAGA-ა, რაც ნიშნავს „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“. რაც შეეხება უკრაინაში მშვიდობისმყოფელების შესაძლო განთავსების გეგმას, სერგეი ლავროვი ამას კიევის რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ წაქეზებად აფასებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამით ომის პირველადი მიზეზები არ გაქრება.
სერგეი ლავროვმა ერ-რიადში რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს იყო ორი დელეგაციის სავსებით ნორმალური საუბარი.
„არასდროს გვექნება ერთნაირი აზრები მსოფლიო პოლიტიკის თითოეულ საკითხზე. ჩვენ ვაღიარეთ ეს ერ-რიადში და ამერიკელებმაც ეს აღიარეს. მათ ეს თავად თქვეს. იქ, სადაც ჩვენ ვხედავთ ინტერესების თანხვედრას, საღი აზრი გვკარნახობს, რომ სისულელე იქნებოდა, არ გამოვიყენოთ ის, რათა გარდაქმნათ ის რამე პრაქტიკულ საქმეებში და მივიღოთ ურთიერთმომგებიანი შედეგები. იქ, სადაც ინტერესები არ ემთხვევა (ეს ასევე თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ), პასუხისმგებლიანი სახელმწიფოების ვალდებულებაა, არ დაუშვან, რომ ეს შეუსაბამობა დეგრადირდეს კონფრონტაციაში. ეს აბსოლუტურად ჩვენი პოზიციაა“, – თქვა ლავროვმა.