Volkswagen-ის წარმომადგენლები პროფკავშირის, IG Metall-ის ლიდერებთან დიალოგს 16 დეკემბერს განაახლებს, წერს The Wall Street Journal.

9 დეკემბერს მოლაპარაკებების რაუნდი უშედეგოდ დასრულდა: ორივე მხარემ აღნიშნა, რომ დისკუსია იყო კონსტრუქციული, მაგრამ წინსვლისთვის საჭიროა შემდგომი მოლაპარაკებები. VW-ს სპიკერმა არნე მაისვინკელმა განაცხადა, რომ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მხარეებს აქვთ „მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა“ შესაძლო გადაწყვეტილებებზე.

IG Metall-ის პროფკავშირი, რომელიც წარმოადგენს გერმანიაში VW-ში მუშათა უმრავლესობის ინტერესებს, ეწინააღმდეგება ხარჯების შემცირების ზომებს, რომლებსაც ავტომწარმოებელი იძულებულია მიმართოს ელექტრომობილების ბაზრის შესუსტებასა და უფრო მკაცრი კონკურენციის პირობებში.

VW დაჟინებით მოითხოვს ხელფასების 10%-ით შემცირებას და პრემიების გაუქმებას, ასევე წარმოების სიმძლავრის შემცირებას. პროფკავშირის ლიდერები ეწინააღმდეგებიან ქარხნების დახურვას, ხელფასების შემცირებას და მასობრივ გათავისუფლებას.

პროფკავშირის ინფორმაციით, 2 დეკემბერს დაწყებულ გამაფრთხილებელ გაფიცვებში 100 ათასამდე მუშა მონაწილეობდა. პროფკავშირი 2025 წლის დასაწყისში გაფიცვების გააქტიურებით იმუქრება, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნება.

საერთო ჯამში, VW გერმანიაში ამუშავებს 10 ქარხანას, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 300 ათასი ადამიანი.

interfax