უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ იგი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრას უკრაინის ლიდერმა ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა.

"უსაფრთხოება - როგორც ჩვენს შავი ზღვის რეგიონში, ისე მთლიანად ევროპაში. მადლობელი ვარ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. მშვიდობის ფორმულა. ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხის და ინტერესების დაცვა. ყურადღება მომავალ სამიტზე ვილნიუსში“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ის თურქ კოლეგასთან გეგმავს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის დაცვისა და განვითარების და სასურსათო უსაფრთხოებისთვის შემდგომი ძალისხმევის საკითხების განხილვას.

"სამყარო დაცული უნდა იყოს ყოველგვარი ტერორისგან", - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თურქულმა მხარემაც გაავრცელა, თუმცა მოლაპარაკების დეტალების გამჟღავნების გარეშე.