უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის და იტალიის პრემიერს, ჯორჯია მელონის შეხვდა.

CNN-ის ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკი დაარწმუნა, რომ მისი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გამოსავალი მოიძებნოს.
"უკრაინის ომი დიდი საკითხია მთელი მსოფლიოსთვის. მას ასევე დიდი გავლენა აქვს მთელ მსოფლიოზე. არ ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ეკონომიკის ან პოლიტიკის საკითხია. ჩემთვის ეს კაცობრიობის საკითხია. გარწმუნებთ, რომ ინდოეთი, და მე პირადად, ყველაფერს გავაკეთებთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, - განაცხადა ინდოეთის პრემიერმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდოეთის პრემიერს დეტალურად გააცნო უკრაინის „მშვიდობის ფორმულა“ და ინდოეთი, ამ ინიციატივის განხორციელებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რიში სუნაკს ლიდერობისთვის, რომელიც, ზელენსკის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების მიზნით საერთაშორისო კოალიციის შექმნაში გამოიჩინა.