„როიტერის“ ინფორმაციით, პუერტო რიკოში ხუთი ერთეული „ეფ-35“ ჩაფრინდა. ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ყოფილ რუზველტ როუდსის სამხედრო ბაზაზე დაშვებისას ნახეს. ბოლო დღეების განმავლობაში ბაზაზე შენიშნეს აშშ-ის ვერტმფრენები და Osprey-ის თვითმფრინავები, ასევე აშშ-ის სხვა სატრანსპორტო თვითმფრინავები და სამხედრო პერსონალი.

წყაროებმა გასულ კვირას „როიტერს“ განუცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ნარკოკარტელების წინააღმდეგ ოპერაციების ჩასატარებლად პუერტო რიკოში 10 ერთეული „ეფ-35“-ის ტიპის გამანადგურებლის განლაგების ბრძანება გასცა.

გასულ კვირას აშშ-ის სამხედროებმა 11 ადამიანი მოკლეს ვენესუელიდან წამოსული გემის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რომელსაც, სავარაუდოდ, უკანონო ნარკოტიკები გადაჰქონდა. ეს იყო პირველი ცნობილი ოპერაცია მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ სამხრეთ კარიბის ზღვის აუზში სამხედრო გემები განალაგა.

ვენესუელას განცხადებით, მოკლული 11 ადამიანიდან არცერთი ნარკოდილერი არ ყოფილა.