ვდგავართ მათ გვერდით, ვინც საქართველოს ევროპული გზის განვითარებაზე მუშაობს და კრიტიკულები ვართ ჩატარებული არჩევნების მიმართ, ასევე ოდირის ანგარიშის ფონზე, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეშფოთებულია ჟურნალისტებთან და ჟურნალისტების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებით.
„ნიდერლანდები ყოველთვის მხარს უჭერს პერსონალურ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც რეპრესიებზეა პასუხისმგებელი. ამ მომენტისთვის გადასადგამი ნაბიჯი არის ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. ჟურნალისტებთან და ჟურნალისტების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებით ძალიან შეშფოთებული ვარ, ამიტომ ნიდერლანდებმა ხელმისაწვდომი გახადა დამატებითი რესურსები ჟურნალისტების დასაცავად, ჩვენ ასევე ხელმისაწვდომი გავხადეთ დამატებითი რესურსები მათთვის, ვინც თავისუფალი დემონსტრაციის რეპრესიების დროს დააკავეს. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც საქართველოს ევროპული გზის განვითარებისთვის მუშაობს და კრიტიკულები ვართ ჩატარებული არჩევნების მიმართ, ასევე ოდირის ანგარიშის ფონზე“, - აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.