23 ივნისს საღამოს, "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა, განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, თავდაცვის მინისტრის, შოიგუს ბრძანებით  ცეცხლი გაუხსნეს "ვაგნერის" პოზიციებს უკრაინაში. დაბომბვის შედეგად იყვნენ დაღუპულები და დაშავებულები.

ამის შემდეგ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მან შეიტანა განცხადება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში, რომელშიც ითხოვდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსის და რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის ვალერი გერასიმოვის დაუყოვნებლივ დაკავებას. მოგვიანებით კი მან ჩაწერა აუდიო შეტყობინებების სერია, რომლებიც მოუწოდებდნენ „ძალების მობილიზებას ქვეყანაში უკანონობის წინააღმდეგ“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პრიგოჟინის სახელით გავრცელებული მესიჯები არ შეესაბამება სიმართლეს, მათში გაჟღერებული ინფორმაცია არის ყალბი და საინფორმაციო პროვოკაცია.

რუსეთის FSB-ში, პრიგოჟინის განცხადება შეაფასეს, როგორც  შეიარაღებული გადატრიალების მოწოდება, აღძრეს სისხლის სამართლის საქმე "ვაგნერის" ლიდერის წინააღმდეგ და მოითხოვეს, რომ კერძო სამხედრო ფორმირებამ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. პარალელურად, რუსეთის ფედერაციის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ეს გამოაცხადა პროვოკაციად რუსული არმიის წინააღმდეგ.

რუსეთის ფედერაციის FSB-ს საგამოძიებო დეპარტამენტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების ფაქტზე. ამ დანაშაულისთვის ვაგნერის ხელმძღვანელს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სამხრეთ რუსეთის მთელ რიგ ქალაქებში (კრასნოდარი, დონის როსტოვი და ა.შ.) გამყარდა საგუშაგოები, ქუჩებში გამოჩნდნენ ჯავშანტექნიკა და პოლიცია, როსტოვში დაიწყო ქუჩების გადაკეტვა და ქალაქის თავზე ავიაცია დაფიქსირდა.

არმიის გენერალმა სერგეი სუროვიკინმა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ალექსეევმა ჩაწერეს მიმართვები ვაგნერის მებრძოლებისადმი, და სთხოვეს "დაფიქრდნენ და თავი შეიკავონ  უკანონო ქმედებებისგან. რაზედაც მიიღეს პასუხი რომ "ვაგნერი" პრიგოჟინს ემორჩილება.

მოსკოვის, როსტოვისა და სხვა ქალაქების ქუჩებში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. კრემლში შესასვლელი დაკეტილია, მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები მკაცრი დაცვის ქვეშაა აღებული.

ბოლო ინფორმაციით ვაგნერი როსტოვს უახლოვდება.