პარასკევს ივნისის ტემპერატურის რეკორდები მოიხსნა გერმანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდში.

ექსტრემალურმა ამინდმა უკვე გამოიწვია ათობით ადამიანის სიკვდილი დასავლეთ ევროპაში.

საფრანგეთის საზღვართან მდებარე გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში დაფიქსირდა გერმანიის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა - 41,3°C. ნიდერლანდის პროვინცია ლიმბურგში ტემპერატურის რეკორდმა 39,4°C შეადგინა. BBC-ის ცნობით, ბელგიელი სინოპტიკოსები არაოფიციალურად იტყობინებიან, რომ ქვეყანაში 40°C ტემპერატურა დაფიქსირდა. ივნისში ტემპერატურის რეკორდები ასევე მოხსნილია დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.

დიდი ბრიტანეთი, 2026 წლის 26 ივნისი

AFP-ის შეფასებით, პარასკევს ევროპაში მინიმუმ 150 მილიონმა ადამიანმა გამოცადა 35°C-ზე მეტი ტემპერატურა.

შაბათს დანიაში დაფიქსირდა ყველაზე ცხელი დღე დაკვირვების მთელი ისტორიის, ბოლო 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. The Guardian-ის ცნობით, თერმომეტრი 36,6°C-ს აჩვენებდა.

საფრანგეთში ანომალიური სიცხის ტალღის დროს ათობით ადამიანი დაიღუპა. მაღალმა ტემპერატურამ შეაფერხა რკინიგზის მომსახურება და ელექტროენერგიის წარმოება, სკოლების მუშაობა შეჩერდა და ღია ცის ქვეშ დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებები გადაიდო.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიცხე იკლებს, ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვა მაღალი დარჩება და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი იქნება.

რომი, იტალია, 2026 წლის 26 ივნისი

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ საფრთხის წითელი დონე გამოაცხადა იტალიის 18 ქალაქში სიცხის გამო, მათ შორის მილანში, რომში, ტურინში, ვენეციასა და ფლორენციაში. ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა, სავარაუდოდ, 39°C-ს მიაღწევს.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ სიცხის ტალღა ამ შაბათ-კვირას გავრცელდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე, მათ შორის პოლონეთსა და ბალკანეთის ქვეყნებზე. ჩეხი მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ შაბათს შესაძლოა მოიხსნას 2012 წლის ტემპერატურის რეკორდი - 40.4°C.

www.radiotavisupleba.ge