უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც საწყობში ხანძარი გაჩნდა.

კრასნოდარის გარდა, უკრაინულმა ძალებმა Wildberries-ის საწყობს ქალაქ ნევინომისკშიც შეუტიეს, სადაც ასევე ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს საწყობები რუსულ ჯარს ამარაგებდნენ დრონების კომპონენტებითა და ნავიგაციის აღჭურვილობით.

თვითმხილველების ინფორმაციით, 22 ივლისის ღამის განმავლობაში 20-30 აფეთქების ხმა გაისმა. მათივე თქმით, საჰაერო განგაშის სირენა მხოლოდ ინციდენტის შემდეგ ჩაირთო, ისიც დაახლოებით 2 წუთით, შემდეგ კი გაითიშა.

მედიის ინფორმაციით, კომპანიის ეს 2 ლოგისტიკური ცენტრი Wildberries-ის ყველაზე დიდ საწყობებს შორისაა.