პარიზში ჯიმ მორისონის საფლავიდან დაწყებული, ლონდონის მცენარეებით დაფარული გოთური აკლდამებით დამთავრებული — ეს ისტორიული სასაფლაოები ჰელოუინისთვის დამახასიათებელ, ტრადიციულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს ალტერნატივას სთავაზობს.
დაივიწყეთ ძვირადღირებული „მოჩვენებების სახლები“ და ტურისტებით გადაჭედილი მისტიკური ტურები. ჰელოუინის გასატარებლად ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერული ადგილი ისტორიული სასაფლაოებია; აქ ნახავთ ყველაფერს, რაც „საშინელი“ გარემოს შესაქმნელადაა საჭირო — დანგრეული მავზოლეუმებითა და დახვეწილი ქანდაკებებით დაწყებული, ცნობილი ადამიანების საფლავებით დამთავრებული. თანაც, შესვლა ხშირად სრულიად უფასოა.
30 ქალაქისგან შემდგარმა ახალმა რეიტინგმა გამოავლინა საუკეთესო ადგილები ევროპის ყველაზე გამორჩეული სასაფლაოების დასათვალიერებლად — პარიზიდან ოსლომდე.
მოგზაურობისთვის განკუთვნილი eSIM აპლიკაციის, Saily-ს მიერ შედგენილ „საფლავების ტურიზმის ინდექსში“ (Tombstone Tourism Index) სასაფლაოების შეფასებისას ხუთი სხვადასხვა ფაქტორი იქნა გათვალისწინებული: ცნობილი „მცხოვრებლები“, ვიზუალური მიმზიდველობა, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, ხალხმრავლობისგან თავისუფალი გარემო და ქალაქის ცენტრიდან ტრანსპორტით მისვლის შესაძლებლობა.
თითოეულ კატეგორიას მიენიჭა მნიშვნელობის ინდივიდუალური პროცენტული მაჩვენებელი, რათა გამოვლენილიყო ის სასაფლაოები, რომლებიც ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებენ. ყოველ ოქტომბერში ხალხი საათობით დგას რიგში ე.წ. „მოჩვენებების ატრაქციონებთან“, მაშინ როცა გვერდს უვლიან ნამდვილ, ატმოსფერულ და ისტორიებით სავსე ადგილებს, რომლებიც ნებისმიერ ქალაქში მოიძებნება“, — განაცხადა Saily-ს პროდუქტის ხელმძღვანელმა, მატას ცენისმა. „ისტორიული სასაფლაოები ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმებია, სადაც სკულპტურებსა და საოცარ ისტორიებს შეხვდებით; მათ დასათვალიერებლად შესასვლელი გადასახადი არ არის. ჰელოუინი კარგი საბაბია მათ აღმოსაჩენად, თუმცა ისინი წლის ნებისმიერ დღეს მონახულების ღირსია“.
ევროპის ყველაზე ატმოსფერული სასაფლაოები
პერ ლაშეზის სასაფლაო, პარიზი
პარიზის ამ ლეგენდარულ სასაფლაოზე, რომელიც 44 ჰექტარზეა გადაჭიმული და დაახლოებით 70 000 საფლავს მოიცავს, 1 445-მდე გამორჩეული პიროვნებაა დაკრძალული; მათგან მრავალი კი მთელი წლის განმავლობაში იზიდავს ვიზიტორებს.
პერ-ლაშეზი არის მარადიული განსასვენებელი ისეთი პიროვნებებისთვის, როგორებიც არიან შოპენი, ედიტ პიაფი, ოსკარ უაილდი, ჯიმ მორისონი, მარსელ პრუსტი, გერტრუდა სტაინი, მოლიერი, ბალზაკი და სარა ბერნარი — და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
განსაკუთრებით პოპულარულია ჯგუფ The Doors-ის სოლისტის, ჯიმ მორისონის საფლავი, ხოლო ოსკარ უაილდის აკლდამა, რომელიც ხშირად პომადის კვალითაა დაფარული, სპეციალური მინის ბარიერითაა შემოღობილი.
Wikimedia Commons-ზე ამ სასაფლაოს 4500-ზე მეტი ფოტოა განთავსებული, რაც მას მსოფლიოში ყველაზე დეტალურად დოკუმენტირებულ სასაფლაოდ აქცევს. მისი მონახულება უფასოა და ის პარიზის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე მდებარეობს.
აუცილებლად ჩამოტვირთეთ ოფიციალური აპლიკაცია, რომელიც ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ორიენტირებასა და გზის არევის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ — განსაკუთრებით კი „მისტიკურ“ სეზონზე.
ვოარ ფრელსერს გრავლიუნდი, ოსლო
როდესაც ნორვეგიის დედაქალაქზე ფიქრობთ, შესაძლოა, პირველ რიგში სასაფლაოები არ გაგახსენდეთ. სავარაუდოდ, ეს იმით აიხსნება, რომ „ვორ ფრელსერს გრავლუნდს“ (Vår Frelsers Gravlund) Google-ზე სულ რაღაც 123 შეფასება აქვს, რაც მას ამ პლატფორმაზე ყველაზე კარგად დაცულ „საიდუმლოდ“ აქცევს.
მიუხედავად ამისა, სასაფლაო ოსლოს ცენტრიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალზე მდებარეობს. აქ განისვენებენ: თანამედროვე დრამატურგიის ფუძემდებელი ჰენრიკ იბსენი, „კივილის“ ავტორი ედვარდ მუნკი, მხატვარი კრისტიან კროგი და პოლარული მკვლევარი ფრიტიოფ ნანსენი.
ნორვეგიის ისტორიის ეს ოთხი მნიშვნელოვანი ფიგურა ერთმანეთისგან სულ ახლოს, ვიქტორიანულ ეპოქაში გაშენებულ შთამბეჭდავ სასაფლაოზეა დაკრძალული. ეს ადგილი ნამდვილად იმსახურებს ადგილს თქვენს სკანდინავიურ სამოგზაურო სიაში.
დინის სასაფლაო, ედინბურგი
ედინბურგის ეს სასაფლაო „ვორ ფრელსერს გრავლუნდზე“ (Vår Frelsers Gravlund) უფრო ნაკლებადაც კი არის ცნობილი — Google-ზე მას სულ რაღაც 90 შეფასება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ყველაზე ხალხმრავალი ქუჩიდან სულ რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით მდებარეობს.
დინის სასაფლაო — „A“ კატეგორიის დაცული ძეგლი — მდებარეობს ქუინსფერის გზასა (Queensferry Road) და მდინარე უოთერ-ოფ-ლითს (Water of Leith) შორის; აქ მრავლადაა ვიქტორიანული ეპოქის დახვეწილი და მდიდრული ძეგლები.
აქ განისვენებენ ადამიანები, რომლებმაც თანამედროვე ედინბურგი შექმნეს; მათ შორისაა არქიტექტორი უილიამ პლეიფერი, ფილოსოფოსი დუგალდ სტიუარტი და პორტრეტისტი მხატვარი ჰენრი რეიბერნი.
ოლშანის სასაფლაო, პრაღა
პრაღაში მდებარე ოლშანის სასაფლაო ნამდვილი ლაბირინთია, რომელიც სავსეა დანგრევის პირას მყოფი ბაროკოს სტილის აკლდამებით, არტ-ნუვოს დახვეწილი ძეგლებითა და ბალახით დაფარული ბილიკებით; ეს კი მას განსაკუთრებით შესაფერის ადგილად აქცევს სასეირნოდ „მისტიკურ სეზონზე“. აქ დაკრძალულია ფრანც კაფკა — პრაღის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული მოღვაწე, რაც კიდევ ერთი მიზეზია ამ ისტორიული სასაფლაოს მოსანახულებლად. ეწვიეთ ახლომდებარე ვიშეჰრადის სასაფლაოს, სადაც ინახება ჩეხი კულტურული მოღვაწეების ნაშთები, მათ შორის კომპოზიტორები ანტონინ დვორჟაკი და ბედრიჩ სმეტანა, მხატვარი ალფონს მუჩა და მწერალი კარელ ჩაპეკი.
ჰაიგეიტის სასაფლაო, ლონდონი
ლონდონში მდებარე ჰაიგეიტის სასაფლაო, რომელიც, სავარაუდოდ, გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე განსაკუთრებული ატმოსფეროს მქონე სასაფლაოა, გარკვეულწილად საკამათო ადგილადაც ითვლება — აქ შესვლა ფასიანია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანი საფლავის მფლობელია ან ფლობს შესაბამის საშვს.
მიუხედავად ამისა, ის კვლავაც ძალიან პოპულარულია და ამას საფუძვლიანი მიზეზიც აქვს. აქ განისვენებენ კარლ მარქსი, ჯორჯ ელიოტი, კრისტინა როსეტი და მაიკლ ფარადეი. ვიქტორიანული გოთიკური არქიტექტურა განსაკუთრებით შთამბეჭდავია — წარმოიდგინეთ მცენარეებით დაფარული მავზოლეუმები, სუროთი შემოსილი ანგელოზები და „ეგვიპტური ხეივანი“. მთლიანი სასაფლაო I კატეგორიის ძეგლის სტატუსს ატარებს; აქ დაახლოებით 950 მნიშვნელოვანი სამარხია და ადგილი უაღრესად ფოტოგენურია — ასე რომ, თუ სასაფლაოები გაინტერესებთ, აქ ვიზიტი ნამდვილად ღირს.