უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზად არ არის. მისივე თქმით, დოკუმენტი არ არის მზად უკრაინისა და მისი ინტერესების დასაცავად.

ამის შესახებ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

"ნება არ დავრთე მინისტრებს, რომ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერათ, რადგან, ჩემი აზრით, ის ჩვენი და ჩვენი ინტერესების დასაცავად მზად არ არის". - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, აშშ-ს ფინანსთა მინისტრ, სკოტ ბესენტის პრეზენტაციის შემდეგ შეთანხმებისთვის ხელის მოწერაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ მანამდე მისი გამოკვლევა და სხვებისგან რჩევის მოსმენა იყო საჭირო.

"მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ინვესტიციებზე ვილაპარაკოთ და ეს ჩვენმა იურიდიულმა ექსპერტებმა სიღრმისეულად უნდა გამოიკვლიონ. შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორ გადავანაწილებთ მოგებებს (მინერალური რესურსების შეთანხმებიდან), თუკი ის უსაფრთხოების შეთანხმებასთან იქნება დაკავშირებული". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ შეთანხმება უსაფრთხოების შეთანხმება არ იყო და მასში "არ არის უსაფრთხოების გარანტიები", რის გამოც მისთვის ხელის მოწერა ამჟამად უკრაინის "ინტერესში არ არის".

გამოცემა NBC წერს, რომ რვა ინფორმირებული ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, 12 თებერვალს, კიევში აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათ წიაღისეულთან დაკავშირებით აშშ-ს მიერ შედგენილი ხელშეკრულების მონახაზი წარუდგინა.

მათივე ცნობით, ზელენსკიმ ბესენტის წარდგენილი დოკუმენტის გაცნობისა და შესწავლისთვის დრო მოითხოვა, რათა შეთანხმებისთვის მიუნხენში მიეღწიათ.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, 14 თებერვალს კი უკრაინამ აშშ-ს მინერალების ორმხრივ შეთანხმებაზე დოკუმენტის საკუთარი ვერსია გადასცა, შეხვედრა კი შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ამასთან, გამოცემა სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიუნხენში ამერიკელი სენატორების ორპარტიულ დელეგაციასთან 90-წუთიანი შეხვედრის დროს, ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა ტრამპის გუნდის მიერ წარდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით.

ანონიმური წყაროს თქმით, ზელენსკის "ჰქონდა განცდა, რომ მას დაუსაბუთებლად სთხოვდნენ ხელის მოწერას ისეთ რამეზე, რისი წაკითხვის შანსიც კი არ ჰქონდა".

წყაროს ცნობით, ზელენსკიმ აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე საკუთარი გეგმა განიხილა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინული კონსტიტუციის დაცვით იყო შედგენილი.

წყარო: ტაბულა