უკრაინა ე.წ. დსთ - სთან უკანასკნელ კავშირებს წყვეტს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გამოაცხადა.

ანდრეი სიბიგას ცნობით, უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ფარგლებში გაფორმებული 116 ხელშეკრულების მოქმედებას აუქმებს.

„უკრაინის სახელშეკრულებო და სამართლებრივი ჩარჩო ომის რეალობასა და ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას უნდა შეესაბამებოდეს. ამისთვის საჭიროა, რომ ის უკანასკნელი სამართლებრივი კავშირები გაწყდეს, რომლებიც ოდესღაც რუსეთთან, ბელარუსთან და ე.წ. დსთ- სთან გვაკავშირებდა“, - განაცხადა სიბიგამ.

მისი თქმით, „უკრაინამ ყველაფერი უნდა მოიშოროს, რაც ოდესღაც აგრესორ სახელმწიფოსთან აკავშირებდა“.

„უკრაინის საზღვარი საერთაშორისო სამართლის, თავისუფლებისა და ევროპული ცივილიზაციის საზღვარია. ეს მიდგომა კი უკრაინის საერთაშორისო სახელშეკრულებო და სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა აისახოს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, უკრაინამ დსთ 2018 წელს დატოვა, თუმცა ფორმალურად ორგანიზაციის შეთანხმებების ნაწილად რჩებოდა.

წყარო: ipn.ge