უახლოეს თვეებში ფასების მატება გარდაუვალია, შეღავათს მხოლოდ ზაფხულიდან ველოდებით - ამის შესახებ BMG-სთან „ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ვახტანგ ბეჟიტაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, გაძვირებული ლოგისტიკა და საწვავის მზარდი ფასი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე პირდაპირ აისახება. როგორც ბეჟიტაშვილი განმარტავს, აგროსექტორისთვის მუშაობა მნიშვნელოვნად რთულდება, რაც უახლოესი თვეების განმავლობაში, პროდუქტების კიდევ უფრო გაძვირებას გამოიწვევს.
ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, ფასების ზრდას კომპლექსური მიზეზები აქვს, რომელთა შორის გადამწყვეტი გეოპოლიტიკური ვითარება და ენერგომატარებლების ღირებულებაა.
„ეს ომი ახლო აღმოსავლეთში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც თავისთავად ძალიან დიდი ლოგისტიკური პრობლემები გამოიწვია. შედეგად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასი მკვეთრად გაიზარდა. ამან, ერთიანობაში, უკვე გამოიწვია ფასების მატება მთელ რიგ პროდუქციასა და მომსახურებაზე. ლოგისტიკურად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, ირანიდან საქართველოში პროდუქციის შემოსვლა გართულდა. ფაქტობრივად, აღარ შემოდის, ან შემოდის მცირე რაოდენობით. როდესაც მოცულობა ნაკლებია და არ არსებობს ძლიერი ადგილობრივი წარმოება თუ მარაგები, ფასების ზრდა გარდაუვალია“, - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი BMG-სთან.
სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საწვავის ფასი რჩება. ბეჟიტაშვილის თქმით, ენერგომატარებლების ხარჯი პროდუქტის საბოლოო ღირებულების თითქმის მესამედს შეადგენს, რაც ინფლაციურ პროცესებს კიდევ უფრო აჩქარებს.
„საწვავის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. ის არა მხოლოდ უშუალოდ წარმოებაში გამოიყენება, არამედ ძალიან დიდი ნაწილი უკავია ენერგომატარებლების დანახარჯებს შემდგომ პერიოდშიც - მოსავლის აღებისას, მის გადატანა-გადაადგილებასა და სამაცივრე სისტემებში შენახვისას. ეს ხარჯი პროდუქციის თვითღირებულების მინიმუმ 20-დან 30 პროცენტამდე შეადგენს, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტსაც. შესაბამისად, რადგან საწვავი გავლენას ყველა კომპონენტზე ახდენს, ფასების მატება აგროსექტორში გარდაუვალია“, - ამბობს ბეჟიტაშვილი.
მისივე პროგნოზით, უახლოესი პერიოდი ოპტიმისტური არ არის. მომხმარებელს ფასების კლებასთან დაკავშირებით მოლოდინი მხოლოდ ზაფხულიდან უნდა ჰქონდეს, როდესაც ბაზარზე ადგილობრივი, ღია გრუნტზე მოყვანილი პროდუქცია გამოჩნდება:
„სანამ არ იქნება გრუნტზე მოყვანილი მოსავალი, რომელიც შედარებით იაფია, კარგს ვერაფერს ველოდებით. უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში ფასები, სავარაუდოდ, ისევ მოიმატებს. ზაფხულში კი ველოდებით ფასების გარკვეულ სტაბილიზაციას და შემდგომ კლებას. იმედი გვაქვს, რომ ამ დროისთვის ახლო აღმოსავლეთშიც დამყარდება მშვიდობა და ადგილობრივი წარმოებაც იქნება გარკვეული შეღავათი ჩვენი შიდა ბაზრისთვის“, - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.