უძველესი ქვის ფილა ათი მცნებით, ნიუ-იორკში, სოტბის აუქციონზე ამ თვის ბოლოს გაიყიდება.
გვიანი რომაულ-ბიზანტიური პერიოდით დათარიღებულ ქვის ფილაზე დატანილი ტექსტის ასაკი დაახლოებით 1500 წელია.
სოტბის აუქციონის უფროსმა სპეციალისტმა იუდაიზმის საკითხებში, შერონ ლიბერმან მინცმა, სააგენტო „როიტერს“ განუცხადა,რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძური, რომელზეც მას ოდესმე უმუშავია.
„ეს ფილები წარმოუდგენლად იშვიათი რამ არის. ჩვენ სულ ათი ფილა ვიპოვეთ, მაგრამ დანარჩენი ცხრა მხოლოდ ფრაგმენტებია, რომლებიც ათი მცნების მხოლოდ ნაწილს შეიცავენ“, - ამბობს ის.
მარმარილოს ფილა, რომელიც 115 კილოგრამს იწონის და დაახლოებით 60 სანტიმეტრი სიმაღლისაა, 1913 წელს, ისრაელის სამხრეთ სანაპიროზე, ადრეული სინაგოგების, მეჩეთებისა და ეკლესიების ნანგრევების მახლობლად, გათხრების დროს იპოვეს.
მინცის თქმით, ათი მცნების ტექსტი ფილებზე შესრულებულია ებრაული დამწერლობით, რომელსაც ებრაელი ხალხი ძვ.წ. X საუკუნიდან ახ. წ.V საუკუნემდე იყენებდა.
ფილაზე დატანილია 10 მცნებიდან 9, რომლებიც „გამოსვლის“ (ძველი აღთქმა) წიგნშია შესული.
მესამე მცნება („არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“) გამოტოვებულია და ის ჩანაცვლებულია გერიზიმის მთაზე თაყვანისცემის ახალი მითითებით, რომელიც სპეციალურად სამარიელებისთვის არის განკუთვნილი.
ქვის ფილა ნიუ-იორკში, სოტბის აუქციონზე 18 დეკემბერს გაიყიდება და მისი სავარაოდო ღირებულება 1-დან 2 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
წყარო: "საზმაუ"