ამბიციური პროექტის, სახელად „ლეონარდო და ვინჩის დნმ“ მეცნიერები ფიქრობენ, რომ სახელგანთქმული ხელოვანისა და გამომგონებლის დნმ-ის ნიმუში მოიპოვეს.

კვლევის შედეგები ჯერ რეცენზირებული არ არის და საჭიროა დამატებითი ტესტები, რათა დადასტურდეს, არის თუ არა ეს მართლაც 500 წლის წინანდელი, და ვინჩის გენეტიკური ინფორმაცია.

მკვლევართა ჯგუფი აღიარებს, რომ მათი კვლევა გვთავაზობს „მინიშნებებს და არა დასკვნებს“, მაგრამ გვიჩვენებს, რომ შესაძლებელი უნდა იყოს ინფორმაციული ბიოლოგიური მასალის მიღება ძვირფასი და მყიფე ისტორიული ნამუშევრებიდან.

მეცნიერთა მიერ შექმნილ ინოვაციურ მეთოდს შეუძლია ადამიანების, მცენარეების, ბაქტერიების, სოკოების, ცხოველების, ვირუსებისა და პატაზიტების დნმ-ის მოპოვება უძველესი წერილების ცვილის ბეჭდებიდან და თავად ქაღალდის შთამნთქმელი ბუნებიდან გამომდინარე.

„ფაქტობრივად, აღმოჩნდა, რომ ობიექტები, რომლებიც ოდესღაც ბიოლოგიურად ჩუმად ითვლებოდა, მათი გარემოს ცოცხალი თითის ანაბეჭდების ფუნქციას ასრულებდნენ“, — წერენ მკვლევრები.

ახალ პუბლიკაციაში პროექტის მკვლევრები აღწერენ, როგორ ნაზად აიღეს ნიმუშები და ვინჩის ცარცის ნახატიდან, რომელსაც „წმინდა ბავშვი“ ჰქვია.

ამის შემდეგ, სეკვენირების ახალი თაობის მეთოდის გამოყენებით, შეძლეს ბიოლოგიური ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის იყო ტოსკანაში, მედიჩის ბაღებში დარგული ფორთოხლის ხეების და ადამიანის დაბალი ხარისხის დნმ.

უცნობია, ვის ეკუთვნის ეს დნმ. შეიძლება ის თავად რენესანსის ეპოქის ხელოვნის იყოს ან მისი, ვინც მოგვიანებით ეხებოდა ნახატს.

აშკარა კი ისაა, რომ ზოგიერთ დნმ-ს აქვს Y ქრომოსომის მარკერები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გენეტიკური ინფორმაცია კაცს ეკუთვნის. როგორც ჩანს, ეს ინდივიდი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გავრცელებული კლადის ნაწილი იყო, განსაკუთრებით ცენტრალურ და სამხრეთ იტალიაში. მათ შორის არის ტოსკანაც, საიდანაც იყო ლეონარდო.

ლეონარდოსთან დაკავშირებული სხვა არტეფაქტებიდან აღებულ ნიმუშებში, მათ შორის ნათესავის მიერ მიწერილ 500 წლის წინანდელ წერილში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს Y-ქრომოსომის საზიარო სიგნალი. იგივე სიგნალი არ ჩნდება იმავე პერიოდის სხვა ცნობილ ევროპელ ოსტატთა ნახატებში.

აღმოჩენები მიუთითებს საზიარო ხაზზე და ვინჩისთან დაკავშირებულ ყველა ობიექტზე, რაც ნამდვილად იმსახურებს შემდეგ კვლევებს. შედარებების გასაკეთებლად, ჯგუფს ახლა და ვინჩის სხვა ნამუშევრებიდან და ობიექტებიდან სურს ნიმუშების აღება.

შემდეგ კი საჭიროა, რომ შედეგები დაემთხვეს და ვინჩის დადასტურებულ, ამჟამად ცოცხალ შთამომავლებს.

დნმ-ის პროექტის საბოლოო მიზანია დადასტურდეს და ვინჩის საფლავი და შეიქმნას მისი საუკუნოვანი გენომის რეკონსტრუქცია.

„იმის მიუხედავად, დადასტურდება თუ არა, რომ ეს დნმ ლეონარდოს ეკუთვნის, წარმატება უკვე გარდაუვალია იმ თვალსაზრისით, რომ ზღვარი გადაილახა“, — ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, როკფელერის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯეს ოსაბელი.

პროექტის მკვლევრები თითქმის 10 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და ვინჩის სისხლის ხაზის ადრეულ და გვიანდელ თაობათა მიკვლევაზე. ბოლო პერიოდში მათ აღმოაჩინეს რამდენიმე ცოცხალი შთამომავალი და ოჯახური ხაზი, რომელსაც უკან, 1331 წლამდე მივყავართ.

ნათქვამია, რომ და ვინჩი საფრანგეთში, ლუარის ხეობაში, პატარა კაპელაშია დაკრძალული, მაგრამ ყველა ისტორიკოსი ასე არ ფიქრობს. მკვლევრები ამჯერად და ვინჩის ოჯახის სამარხებს თხრიან იტალიაში, რათა გენეტიკური ინფორმაცია მისი ნათესავებისგან მიიღონ.

კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე bioRxiv.

მომზადებულია theleonardodnaproject.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი