თურქული ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ამას მოწმობს ფორექსის საერთაშორისო ბაზარზე ონლაინ ვაჭრობის მონაცემები, 23 მაისს, დილით, დოლარის ღირებულებამ 20,3 ლირას გადააჭარბა. დღის განმავლობაში კი  6,5%-ით დაეცა და 1 აშშ დოლართან 19,85 ლირა შეადგინა.

ლირის კურსის ვარდნა თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებული მეორე ტურის ფონზე ხდება. Reuters აღნიშნავს, რომ ფინანსური ბაზრები რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამარჯვებისთვის ემზადებიან, რომელიც ხელახალი არჩევის შემდეგ გააგრძელებს „თავის არაორდინალურ“ მონეტარული პოლიტიკას.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,51% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა, ოპოზიციის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ 44,88%. თურქეთში არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. ერდოღანის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში თურქეთი "სრული ტრანსფორმაციის" წინაშე აღმოჩნდება. ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მან ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შემუშავება დაასახელა.