თურქეთმა ზეითუნის ზეთის ექსპორტი გლობალური ფასების ზრდისა და იმის გამო, რომ ესპანეთი და იტალია თურქულ ზეთს ამუშავებენ და მესამე ქვეყნებში ყიდიან, 1-ელ ნოემბრამდე შეაჩერა - აღნიშნულ ინფორმაცია თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IUC) სტატისტიკის მიხედვით ევროპაში გვალვის გამო, ზეითუნის ზეთის წარმოება მსოფლიოში 20%-ით შემცირდა, პირველ რიგში, იტალიისა და ესპანეთის გამო, ხოლო თურქეთში 62%-ით გაიზარდა. ასევე, სამინისტროს ცნობით, თურქული ზეითუნის ზეთის ექსპორტი 2022 წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის ივლისამდე 240%-ით გაიზარდა და 136,5 ათასი ტონა შეადგინა.
ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, ევროკავშირის მაღალი საბაჟო გადასახადების გამო, თურქეთს შეუძლია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საბოლოო მომხმარებელს მიაწოდოს დაფასოებული და დამატებული ღირებულების მქონე ზეითუნის ზეთი „უკიდურესად მცირე რაოდენობით“. „თუმცა, იტალია და ესპანეთი ამუშავებენ ჩვენი ქვეყნის მიერ მოწოდებულ ზეთს და შემდეგ ყიდიან მესამე ქვეყნებზე (საკუთარი ბრენდებით - რედ.). ნოემბრიდან ივლისამდე ზეთის ექსპორტი ესპანეთში წინა წელთან შედარებით 21-ჯერ გაიზარდა, ხოლო იტალიაში- 44-ჯერ“, - ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტრომ მიიღო დამატებითი ზომები 2023 წლის 1 ნოემბრამდე ზეითუნის ზეთის ექსპორტზე, როგორც ბოთლებში, ასევე კასრებში, ახალი მოსავლის აღებამდე.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში თურქეთიდან საქართველოში 218.80 ათასი დოლარის ღირებულების 37.94 ტონა ზეითუნის ზეთის იმპორტი განხორციელდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ზეითუნის ზეთის 22.5%-ი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა.