თურქეთი იწყებს მზადებას ევროკავშირთან ენერგეტიკული მოლაპარაკებების აღსადგენად, რათა უკრიანის გაზის ტრანზიტის შეცვლაში დაეხმაროს. პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს დიდი ხნის ამბიცია აქვს, ქვეყანა გაზის რეგიონულ ჰაბად აქციოს.
კვირას ჟურნალისტებთან საუბრისას თურქეთის ელჩმა ფარუკ კაიმაქჩიმ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე საუბარი დღის წესრიგშია, როგორც ურთიერთობების დათბობის ნაწილი, რომელიც მოიცავს სავაჭრო მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ თანამშრომლობას აღმოსავლეთ ევროპაში.
აღსანიშნავია, რომ მაღალი დონის მოლაპარაკებები ენერგეტიკულ ვაჭრობაზე თურქეთსა და ევროკავშირს შორის 2019 წელს შეჩერდა.
ამ ეტაპზე, აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტისა და საკუთარი შიდა რეზერვების ექსპორტის გარდა, თურქეთი ახორციელებს საწვავის იმპორტს რუსეთიდან შავ ზღვაზე გამავალი „თურქული ნაკადის" მილსადენით. მას შემდეგ, რაც კრემლის შეთანხმება უკრაინასთან 1 იანვარს დასრულდა, ეს არის ერთადერთი დარჩენილი მარშრუტი მოსკოვისთვის ევროპაში გაზის გასატანად.
ბრიუსელთან პროცესების დაჩქარებას ბიძგი ასევე ევროპაში განვითარებულმა მოვლენებმა მისცა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, უნგრეთი და სლოვაკეთი, ეძებენ რუსული გაზის ალტერნატივას მას შემდეგ, რაც სატრანზიტო შეთანხმება, რომელიც უკრაინის გავლით მიწოდების იმპორტს აძლევდა, წლის დასაწყისში დასრულდა.
„ჩვენ გვაქვს სამხრეთის დერეფანი", - თქვა კაიმაქჩიმ. „ჩვენ გვაქვს 18 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რომელიც ძირითადად აზერბაიჯანიდან მოდის - და ჩვენ შეგვიძლია მარტივად გავაფართოვოთ ეს, დავუკავშიროთ ხმელთაშუა ზღვის გაზს. ჩვენ მნიშვნელოვანი როლი გვაქვს და დიდი პოტენციალიც"
ევროპული საბჭოს განცხადებით, თურქული კომპანიები წიაღისეული საწვავის მოპოვებას კვიპროსის ტერიტორიულ წყლებში ცდილობდნენ. კვიპროსსა და საბერძნეთს აქვთ მომგებიანი ბუნებრივი რესურსების ათვისების იმედი, მაგრამ თურქეთის წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდნენ.
„მიუხედავად ამ პოტენციალისა, ევროკავშირი-თურქეთის ენერგეტიკული დიალოგი დაბლოკილია 2019 წელს მიღებული გადაწყვეტილებების გამო. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც წაგებას", - თქვა კაიმაქჩიმ. „თურქეთი არის სამი ან ოთხი ძირითადი ენერგეტიკული არტერიიდან ერთ-ერთი - გამოიყენებენ თუ არა, ეს ევროკავშირის გადასაწყვეტია."
კაიმაქჩი აღნიშნავს, რომ საკითხზე დიალოგის განახლების წინააღმდეგი მხოლოდ კვიპროსია.
„უკრაინა-რუსეთის შეთანხმების დასრულების შემდეგ, თურქული ნაკადი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება", - თქვა კადრი ტასტანიმ, ენერგეტიკის ანალიტიკოსი გერმანიის მარშალის ფონდიდან ბრიუსელში. „გაზის ფასი კვლავ პრობლემატურია ევროკავშირისთვის და ამიტომ თურქეთის პოზიცია უფრო მყარდება".
უნგრეთი და სლოვაკეთი ამტკიცებენ, რომ წამგებიან პოზიციაში არიან უკრაინაში რუსული გაზის გადინების შეწყვეტის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის შეფასებით, გაზის მიწოდების პროცესი არ შეფერხებულა.
პარასკევს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი დაიმუქრა, რომ დაბლოკავს ევროკავშირის მთელი რუსეთის სანქციების ჩარჩოს განახლებას, თუ კიევი არ დათანხმდება მარშრუტის აღდგენას.
თურქეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების დაწყება დიდ გავლენას მოახდენს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, განაცხადა „რეზონასნთან" საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა.
„მგონია რომ თურქეთი ეს ნაბიჯი ძალიან დაეხმარება ევროკავშირს უკრაინის გაზის ტრანზიტის შეცვლაში, თუმცა ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ვარაუდებია, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია პირობებსა და შეთანხმების კონკრეტულ დეტალებზე. ასე რომ, კონკრეტული დასკვნების გამოტანას ჯერჯერობით არ ვიჩქარებდი, თუმცა მაინც მგონია, რომ წარმატებული იქნება.
„რა თქმა უნდა, არსებობს თეორიული შანსი, რომ აღდგეს მოლაპარაკებები ევროკავშირსა და თურქეთს შორის. ამ ეტაპზე თურქეთს საკმაოდ მყარი პოზიციები აქვს, მას შემდეგ რაც კავკასიიდან ენერგომატარებლების სტრატეგიას დაადგა, ვგულისხმობ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, ბაქო-თბილისი-ერზრუმსაც, კიდევ სხვა უამრავ პროექტს, თურქეთს სავსებით აქვს რესურსი თავი მოუყაროს ამ ყველაფერს და დაეხმაროს ევროკავშირს. ჩვენ უნდა დაველოდოთ მოლაპარაკებების დაწყებას და ამის შემდგომ გავაკეთოთ პროგნოზი," - აღნიშნა მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".