თურქეთი და სომხეთი მომდევნო კვირაში ორ ქვეყანას შორის უერთიერთობების ნორმალიზაციისა და საზღვრის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის დელეგაცია, რომელსაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური დესპანი სერდერ კილიჩი უხელმძღვანელებს, სომხეთში სახმელეთო გზით ჩავა.
დაგეგმილია „სამთავრობათაშორისო შეხვედრა, რომელზეც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის საკითხი განიხილება“.
ცნობისთვის, გასულ წლებში მსგავს ფორმატში გამართული შეხვედრების დროს მიღებული იყო გადაწყვეტილება სომხეთსა და თურქეთს შორის სატვირთო ავიარეისების განახლებისა და სახმელეთო საზღვრის გასახსნელად ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის და სომხეთის მთავრობის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები პირველად გაიმართება მას შემდეგ, რაც 8 აგვისტოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ვაშინგტონში სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი.