აღმოსავლეთ თურქეთში, დურუპინარის კლდოვანი წარმონაქმნის შემსწავლელმა მკვლევრებმა დაახლოებით ცხრა მეტრის სიღრმეზე დამწვარი ხის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია Noah’s Ark Scans ავრცელებს, რომელიც პროექტს უჭერს მხარს. ნიმუშები გაიგზავნა ლაბორატორიული ანალიზისთვის, მათ შორის რადიონახშირბადული დათარიღებისა და ხის სახეობის დასადგენად. სამუშაოს ხელმძღვანელობს არქეოლოგი ჯენკერ ატილა Sivas Cumhuriyet უნივერსიტეტიდან.

წლევანდელი კვლევის დროს, გუნდმა ასევე ჩაატარა ბურღვა და ნიადაგის სკანირება გეორადარით. ატილას თქმით, სურათებმა კვლავ გამოავლინა ხაზოვანი ანომალიები, რომლებიც დერეფნებს წააგავს, ასევე სტრუქტურა, რომელსაც მკვლევრები სამდონიანად განმარტავენ. თუმცა, ასეთი სურათები თავისთავად არ ამტკიცებს, რომ მიწისქვეშ ხელოვნური ოთახები არსებობს: მსგავსი კონტურები შეიძლება წარმოიშვას გეოლოგიური ფენების თავისებურებების გამო.

 Noah’s Ark Scans–ის დამფუძნებელმა ენდრიუ ჯონსმა ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ხე შესაძლოა ნოეს კიდობნის ნაშთები იყოს, თუმცა შესაძლებელია სხვა ახსნაც: მაგალითად, რამდენიმე საუკუნის წინ ამ ტერიტორიაზე მწყემსის მიერ დანთებული ცეცხლის კვალი.

დაახლოებით 157 მეტრის სიგრძის დურუპინარის კლდოვანი წარმონაქმნი მკვლევრების ყურადღებას 1959 წლიდან იპყრობს გემის კონტურთან მსგავსების გამო. თუმცა, მისი კავშირი ბიბლიურ კიდობანთან სამეცნიერო საზოგადოებამ არ აღიარა. გეოლოგები ადრე უჩვეულო ფორმას ბუნებრივი პროცესებით ხსნიდნენ.

ახლა მეცნიერებმა უნდა დაადგინონ ნაპოვნი ხის ასაკი და წარმომავლობა. მაშინაც კი, თუ ის უძველესი აღმოჩნდება, ეს მაინც არ ადასტურებს, რომ ფრაგმენტები გემს ეკუთვნოდა.

წყარო: snob.ru