ამერიკული გამოცემა Business Insider-ის ცნობით, შემოსავლების შესახებ ბოლო ანგარიშის წარდგენისას, McDonald's-ის მენეჯმენტმა აღიარა, რომ იმ ადამიანთა რიცხვის სტაბილური ზრდა, რომლებიც GLP-1 კლასის მედიკამენტებს იღებენ, მათ ბიზნესზე გავლენას ახდენს.
საუბარია ისეთ პრეპარატებზე, როგორებიცაა Ozempic და Wegovy, რომლებიც მადას აქვეითებს და მილიონობით ადამიანის კვების ჩვევებს ცვლის.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კემპჩინსკიმ აღნიშნა, რომ მომხმარებლები, რომლებიც მსგავს მედიკამენტებს იყენებენ, უფრო ხშირად ირჩევენ ცილოვან საკვებს, უარს ამბობენ დიდ ულუფებზე და ნაკლებად ამატებენ შეკვეთებს წასახემსებლებსა თუ ტკბილ სასმელებს.
იმ ქსელისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოგებას "კომბო მენიუებით" იღებდა, ეს მოხმარების ლოგიკის თანდათანობით ცვლილებას ნიშნავს. კომპანიას მენიუს რადიკალური ცვლილება ჯერ არ დაუანონსებია, თუმცა აღიარებს, რომ ტენდენციას ყურადღებით აკვირდება და ტესტავს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მომხმარებლის ახალ ჩვევებს უკეთ მოერგება.
ეს არ არის ერთეული შემთხვევა. სწრაფი კვების სხვა ქსელებიც, მათ შორის Shake Shack, Chipotle თუ სხვა, საკუთარ შეთავაზებებს ცვლიან და აქცენტს ცილოვან და "უფუნთუშო" მენიუებზე აკეთებენ.
შესაბამისად, ფარმაცევტული ტენდენცია იქცა ფაქტორად, რომელიც გავლენას მთლიან კვების ინდუსტრიაზე ახდენს. თუ რამდენიმე წლის წინ სწრაფი კვების ობიექტები ერთმანეთს ულუფების ზომასა და დესერტებში ეჯიბრებოდნენ, ახლა ბიზნესს უწევს გაითვალისწინოს აუდიტორია, რომლის კვების რაციონიც შეიცვალა.
ბაზრისთვის ეს სიგნალია: კვების ჩვევების ცვლილება აღარ არის მხოლოდ მოდის ან დიეტის საკითხი. სამედიცინო რევოლუციას შეუძლია მოხმარების ტრანსფორმაცია უფრო სწრაფად მოახდინოს, ვიდრე მარკეტინგულ კამპანიებს.
თუ GLP-1 მედიკამენტების მომხმარებელთა წილი ზრდას განაგრძობს, სწრაფ კვებას მოუწევს გადაიაზროს არა მხოლოდ მენიუ, არამედ დიდი ულუფების ეკონომიკაც.