ბათუმის მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს კონსტანტინე ლესელიძის ქ. №24-ში მდებარე 1501 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი.

ბათუმის მერია ამ ნაკვეთის გაყიდვას ელექტრონულ აუქციონზე 1 მილიონ 352 800 ლარად გეგმავს. აუქციონზე ელექტრონული ვაჭრობისას გამოჩნდება, გაიზრდება თუ არა ეს ფასი.

ნაკვეთს ესაზღვრება შპს „ბელლა კოსტას“ შენობა, სადაც სასტუმრო და რესტორანია. საპრივატიზებოდ მომზადებულ მიწის ნაკვეთზე კი ამ სასტუმროს მიერ მოპირკეთებული ეზო და საცურაო აუზია.

გასაყიდად გამზადებული მიწის ნაკვეთის შეძენა სავარაუდოდ „ბელლა კოსტას“ სურს, შეიძლება მას კონკურენტიც არ ჰყავდეს, რადგან ნაკვეთი, ფაქტობრივად, მისი სასტუმროს ეზოა.

მიწის ნაკვეთი, სადაც სასტუმროს აუზია, 2016 წელს, ბათუმის მერიამ, საკრებულოს თანხმობით, სასყიდლიანი საიჯარო ხელშეკრულებით, პირდაპირი განკარგვის წესით, 20 წლის ვადით გაასხვისა. ქონებით სარგებლობის წლიური საფასური 20 000 ლარი იყო. გასულ წლებში ამონაწერში ფიქსირდებოდა, რომ მიწის ნაკვეთი საიჯარო წესით იყო გასხვისებული, ბოლო წლებში კი არ ფიქსირდება. რა მოხდა? – კომპანიამ საიჯარო ხელშეკრულებით დაკისრებული გადასახადი არ გადაიხადა და მას ჯერ ჯარიმები დააკისრეს, შემდეგ კი ხელშეკრულება შეუწყვიტეს.

მონიშნულია მიწის ნაკვეთი, რომელიც მერიამ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა

მოიჯარეები – ბიუზანდ ავეტისიანი და ხაჩატურ კარაპეტიანი იყვნენ.

ბათუმის მერის ძველ ბრძანებაში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი:

„ბიუზანდ ავეტისიანმა და ხაჩატურ კარაპეტიანმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 ოთხი თვის ვადაში უზრუნველყონ სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ბათუმში, ლესელიძის ქ. N6-ში მდებარე მათი თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ 753,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოქმედ რესტორანსა და მშენებარე სასტუმრო კომპლექსთან ფუნქციონალურად დაკავშირებული, მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურთან შეთანხმებული პროექტით განსაზღვრული ისეთი ობიექტების [თანამედროვე იერსახის ღია კაფე-ბარი, ღია საცურაო აუზი და ა.შ.], ნაგებობებისა და არქიტექტურული კონსტრუქციების განთავსება, რომლებიც მიწასთან მყარად არ იქნება დაკავშირებული და არ წარმოადგენენ მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს“.

ეს იმას ნიშნავს, რომ 2016 წელს მერიამ იცოდა, რომ აქ სასტუმროს მფლობელებს აუზის მოწყობა სურდათ.

მიწის ნაკვეთი კი, სადაც სასტუმროა განთავსებული, 2011 წელს სიმბოლურ ფასად და პირდაპირი წესით გაყიდეს, პირობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში ლესელიძის #6-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქცია და „სლავური“ რესტორნის მოწყობა იყო, სადაც საქართველოს 10 მოქალაქეს დაასაქმებდნენ.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2011 წელს ეს ქონება ელენა პოლიანიჩკომ დაირეგისტრირა.

ამონაწერში ფიქსირდებოდა ისიც, რომ მფლობელს ამ ქონების გასხვისების უფლება აჭარის მთავრობასთან შეთანხმების გარეშე არ ჰქონდა. იმავე წელს, იმავე პირობით, მფლობელმა ქონება არტურ მურადიანზე გაასხვისა, მან კი ქონება იპოთეკით დატვირთა.

ახლა უკვე ამ ქონებას ბიუზაბდ ავესტიანი და ხაჩატურ კარაპეტიანი ფლობენ.

„ბათუმელების“ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა ისიც, რომ კომპანიამ მერიასთან შეთანხმებული პროექტის სანებართვო პირობების დარღვევით ააშენა. შესაბამისად, მერიამ განუხილველად დატოვა განცხადება შენობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე. მერიას შენობა ექსპლუატაციაში ამ დრომდე არ მიუღია.

საგულისხმოა ისიც, რომ მერიის პასუხი 2026 წლის 12 თებერვლით თარიღდება.

batumelebi.netgazeti.ge