ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისთვის მზადყოფნის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გერტ კაიუს განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში არსებულმა ცივმა ამინდმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე სერიოზული გავლენა მოახდინა, რაც სამხედრო ოპერაციების ინტენსივობის შემცირებაში გამოიხატა.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში პარასკევს გამართულ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, კაიუმ აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ აზვიდებს თავისი სამხედრო წარმატებას, რათა შექმნას მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს, გადამწყვეტ უპირატესობას ფლობს და მისი წინსვლის შეჩერება შეუძლებელია.
„გასულ კვირაში, ყოველდღიური საბრძოლო შეტაკებების საშუალო რაოდენობა 150-მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი წინა კვირას დაახლოებით 170 იყო. ასეთი კლება ცივი ამინდით არის გამოწვეული. ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდებოდა პოკროვსკ-მირნოგრადის, გულიაიპოლესა და კოსტანტინოვკას მიმართულებებით. რუსულმა დანაყოფებმა მოახერხეს გარკვეული წინსვლა ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, კერძოდ - პოკროვსკის, კოსტანტინოვკას, სლავიანსკისა და ლიმანის მიმართულებებით“, - განაცხადა კაიუმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის მთელ ხაზზე აგრძელებდნენ აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს. მათ კუპიანსკის მიმართულებით წინ წაიწიეს და რუსული დანაყოფების წინსვლის შესაჩერებლად, კონტრშეტევები განახორციელეს.
გასულ კვირაში უკრაინის მიერ შორ მანძილზე განხორციელებული ზუსტი დარტყმებიდან აღსანიშნავია შეტევა კაპუსტინ იარის სამხედრო პოლიგონის სამიზნეებზე, საიდანაც რუსეთმა უკრაინის მიმართულებით „ორეშნიკის“ ტიპის საშუალო რადიუსის რაკეტები გაუშვა. ასევე განხორციელდა დარტყმები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე სარატოვისა და კრასნოდარის ოლქებში.
საჰაერო თავდასხმების დროს, რუსეთმა თითქმის 1 000 დრონი და 40 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა.
„რუსული ძალების სამიზნეებს, ძირითადად, წარმოადგენდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ობიექტები, მათ ასევე დაარტყეს მრავალ საცხოვრებელ კორპუსს, რამაც სამოქალაქო მოსახლეობა დააზარალა“, - განმარტა კაიუმ და დასძინა: „რუსეთი შეეცადა, საჰაერო იერიშების გზით 9 იანვარსა და შემდეგ დღეებში უკრაინის ენერგოსისტემისთვის მიყენებული ზიანი კიდევ უფრო გაეზარდა და ამით უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოეწვია“.
რუსული დრონებისა და სარაკეტო დარტყმებისგან დაზარალდნენ კიევი და მთელი კიევის ოლქი, ისევე როგორც ხარკოვის, სუმის, ოდესის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქები.
„გასული კვირის ყველაზე ინტენსიური საჰაერო თავდასხმის დროს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 339 დრონი და 34 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაისროლა. ამ დროისთვის უკრაინის ხელისუფლებამ უკვე მოახერხა წინა კვირას კიევის ენერგოსისტემისთვის მიყენებული ზიანის დიდი ნაწილის აღდგენა, ამასთან მოხერხდა უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო საბრძოლო მასალების მარაგის შევსება. ამის გამო, თავდასხმის შედეგად უკრაინის დედაქალაქისთვის მიყენებული ზიანი იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. ბოლო იერიშების შედეგად, კიევში 335 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მაგრამ დილისთვის მათ თითქმის ნახევარს დენის მიწოდება უკვე აღუდგა“, - განაცხადა კაიუმ.
მიუხედავად ამისა, ვითარება კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებსა და ოლქებში სერიოზული რჩება. უკრაინის მთავრობა, თავის მხარდამჭერებთან ერთად, იღებს ზომებს სიტუაციის გამოსასწორებლად. ეს ზამთარი ერთ-ერთი ყველაზე ცივია, რაც კი უკრაინას ბოლო წლებში გადაუტანია. უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები სამოქალაქო მოსახლეობას უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს.
თავდასხმების დროს რუსეთმა გამოიყენა დრონები და რაკეტები, რომლებიც უშუალოდ თავდასხმის წინ ან თავდასხმის წინა თვეში იყო დამზადებული. კაიუს თქმით, ეს ადასტურებს, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ დიდი რაოდენობის იარაღის გამოყენება შეუძლია.
„რუსეთის მცდელობა, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს, შეიძლება აღიკვეთოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებით და საჰაერო თავდაცვის ახალი ზომების დანერგვით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო დახმარებასთან ერთად, გაგრძელდეს საერთაშორისო დახმარება უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად,“ - დასძინა ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე კაიუმ.
წყარო: 1 არხი