ფინანსისტი აკაკი ცომაია სოციალურ ქსელში სასურსათო პროდუქციაზე ფასებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება.
მისი შეფასებით, საზოგადოებაში შექმნილი წარმოდგენა, თითქოს საქართველოში სასურსათო პროდუქტები გერმანიასთან შედარებით უფრო ძვირია, არ შეესაბამება რეალობას.
აკაკი ცომაია ამბობს, რომ ფასის ფორმირებაზე გავლენას არ ახდენს მხოლოდ მიწოდების ფაქტორები, როგორიცაა ტრანსპორტირება, ლოგისტიკა, გადასახადები ან მასშტაბის ეფექტი, არამედ მნიშვნელოვანი როლი აქვს მოთხოვნასა და მომხმარებელთა შემოსავლებს.
ეკონომისტის შეფასებით, თუ მაღალფასიან პროდუქტებზე ფასნამატი იძულებით შემცირდება, შესაძლოა ასეთი პროდუქცია ბაზრიდან გაქრეს ან შემცირდეს მისი იმპორტი, რაც ბაზრის თვითრეგულირების ბუნებრივი შედეგია.
"კომერსანტი" ფინანსისტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ფასებთან დაკავშირებით ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ვინაიდან 1 პოსტში ყველაფერს ვერ ვუპასუხებ, სერიების სახით დავპოსტავ. აღნიშნულ პოსტს ვუწოდოთ ნაწილი 1: არის კი ფასები სასურსათო პროდუქტებზე უფრო ძვირი საქართველოში გერმანიასთან შედარებით?
კობახიძის მსჯელობაზე დაყრდნობით, დღეს, იმპორტიორები, დისტრიბუტორები და საცალო ქსელის წარმომადგენლები ცდილობენ მაღალი ფასის მიზეზების ახსნას. ამიტომ, მედიებში იქმნება ყალბი კონტენტი, დეზინფორმაცია და ცრუ-აღქმა.
სინამდვილეში, ფასები სასურსათო პროდუქციაზე ბევრად დაბალია საქართველოში გერმანიასთან შედარებით. დიახ, არ მოგეჩვენათ. ბევრად დაბალია და ამის დამტკიცება მარტივია. არსებობს მაღალი რეპუტაციის სტატისტიკური პლატფორმები და მონაცემთა ბაზები, რომლითაც ხელმძღვანელობს ყველა მკვლევარი, ყველა ხელისუფლება (ჩვენი ხელისუფლების გარდა) და ყველა მედია საშუალება. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, რითითაც მედიებიც უნდა ხელმძღვანელობდეთ და არ უნდა უწყობდეთ ხელს ცრუ-აღქმების ჩამოყალიბებას.
- https://www.numbeo.com/cost-of-living/
- https://www.expatistan.com
- https://www.mylifeelsewhere.com/
- https://livingcostindex.com/
ყველა ეს პლატფორმა ამბობს, რომ ფასები სასურსათო პროდუქციაზე, საშუალოდ, 48.5%-ით ნაკლებია საქართველოში გერმანიასთან შედარებით. ესაა უტყუარი ფაქტი და სხვანაირად ვერც იქნება ეკონომიკის თეორიის კანონებიდან გამომდინარე.
ის, რაც კობახიძეს და სხვებს ეჩვენება, ესაა ფასები ცალკეული სახეობის პროდუქტებზე. მაგალითად, ბრინჯის საშუალო შეწონილი ფასი (ქვემოთ ავხსნი ტერმინის მნიშვნელობას) საქართველოში 1,39, ხოლო გერმანიაში, 3.01 ევროა. თუმცა, ბრინჯის კონკრეტული ბრენდი, რომელიც კობახიძის მტკიცებით, გერმანიაში 4 ლარი ღირს, საქართველოში შესაძლოა მართლაც 11 ლარი ღირდეს და მეტიც. ამას აქვს თავისი ახსნა.
ყველანი ყურადღებას ამახვილებთ მიწოდების ფაქტორებზე: ტრანსპორტირება, ლოჯისტიკა, მასშტაბის ეფექტიანობა, გადასახადები, იმპორტზე ტარიფები, ქეშბეკები, ბიზნეს-საქმიანობის მაღალი რისკები...
არა ბატონებო, ამ ფაქტორებს არა აქვს გავლენა 4-სა და 11-ს შორის განსხვავებაზე, რადგან ეს ხარჯები ვერანაირად ვერ გადაფარავს გერმანიის მაღალ საოპერაციო ხარჯებს, რაც გამოიხატება სახელფასო სხვაობასა და ქირის გადასახადში ან კომუნალურ ხარჯებში. სწორედ ამიტომაცაა საქართველო იაფი გერმანიასთან შედარებით და არა პირიქით. გამოდით ამ ჩაკეტილი სურათიდან. ფასს არ ქმნის მხოლოდ მიწოდება. ფასზე ასეთივე გავლენას ახდენს მოთხოვნაც.
მოთხოვნა რთული და კომპლექსური ფენომენია. თქვენ კი სრულიად აიგნორებთ მას. მოთხოვნის ერთ-ერთი დეტერმინანტია შემოსავალი. სულ მცირე, გვყავს მომხარებლის 2 კატეგორია: დაბალი და მაღალი შემოსავლის მომხმარებელი. დაბალი შემოსავალი ნიშნავს, რომ მომხმარებელმა შემოსავლის მკაცრად განსაზღვრული ნაწილი (ვთქვათ 70%) უნდა ამყოფინოს მის სასურსათო კალათას. მას არა აქვს ლავირების შესაძლებლობა. ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, ირჩევს იაფს. საქართველოში იყიდება როგორც 3 ლარიანი ისე 16 ლარიანი ბრინჯიც. 16 ლარიანი ბრინჯის ფასი რომ 8 ლარამდეც შემცირდეს, მკაცრი ბიუჯეტური შეზღუდულობის გამო, მომხმარებელთა ძირითადი ნაწილი მაინც არ იტყვის უარს 3 ლარიანი ბრინჯის შესყიდვაზე. სხვა სიტყვებით, 16 ლარიანი ბრინჯის ფასი დრამატულად უნდა შემცირდეს, რომ ამან გავლენა იქონიოს გაყიდვების რაოდენობაზე. შესაბამისად, ბაზარი სეგმენტირებულია და გამყიდველი იმიტომაც ყიდის მას მაღალ ფასად, რომ ის შედარებით მცირე მოცულობით იყიდება საანგარიშო პერიოდში ფასის დიდ დიაპაზონში. თუ აიძულებთ მას ფასნამატის შემცირებას, შეიძლება გადაერთოს 3 ლარიან ბრინჯზე ან ბრინჯის ნაცვლად ხახვის ბიზნესი დაიწყოს. ერთი სიტყვით, ბრინჯის ის სახეობა, რომელიც გერმანიაში იყიდება, შესაძლოა გაქრეს დახლიდან, ან მისი შემოტანა შემცირდეს. ბაზარი ასე თვითრეგულირდება.
საშუალო შეწონილი ფასი კი შემდეგნაირად იანგარიშება:
(რაოდენობა_1*1ევროიანი ბრინჯი + რაოდენობა_2*2ევროიანი ბრინჯი+...+რაოდენობა_n*n ევროიანი ბრინჯი)/გაყიდული ბრინჯის მთლიანი რაოდენობა.
ვინაიდან ბრინჯის საშუალო შეწონილი ფასი 1.39 ევროა. გამოიცანით რამდენი 1 ევროიანი ბრინჯი და რამდენი 6 ევროიანი ბრინჯი იყიდება საქართველოში", - წერს აკაკი ცომაია.