აშშ კუბის საზღვაო ბლოკადის საკითხს განიხილავს, რათა ხელი შეუშალოს კუნძულის ნავთობით მომარაგებას, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
როგორც გამოცემას სამმა ანონიმურმა წყარომ უთხრა, საზღვაო ბლოკადა ჰავანაში ხელისუფლების ცვლილებისთვის ერთ-ერთ ზომად განიხილება.
მათივე თქმით, ამ ინიციატივას მხარს უჭერს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე აქტიურად მიმდინარეობს კამათი, თუ რამდენად მიზანშეწონილია ასეთი რადიკალური ზომების მიღება.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც კუბას ვენესუელიდან ნავთობის მიწოდება შეუწყდა, რომლის ნაწილის გადაყიდვასაც თავად ახორციელებდა, ეს უკვე აისახა კუბის ეკონომიკაზე. ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტის შემთხვევაში კი, შესაძლოა, კუბაში ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყოს, რის გამოც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრი ამ მიდგომის წინააღმდეგია.
კუბასთან დაკავშირებით მუქარა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში 11 იანვარს გააჟღერა და აღნიშნა, რომ კუბა „მრავალი წლის განმავლობაში იღებდა დიდი მოცულობით ნავთობსა და ფულს ვენესუელისგან, უსაფრთხოების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, რომელსაც ის ექს-პრეზიდენტ უგო ჩავესისთვის ახორციელებდა“.