აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინს მოუწევს დათმობაზე წასვლა ომის დასასრულებლად, ხოლო უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ განიხილება.
„ნატოს შესახებ შეგიძლიათ დაივიწყოთ. ვფიქრობ, ალბათ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ყველაფერი [ომი] დაიწყო“, — თქვა ტრამპმა კითხვის პასუხად, თუ რა დათმობები დაასრულებდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს.
კითხვაზე, მოუწევს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რაიმე „დათმობებზე“ წასვლა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებაში, ტრამპმა თქვა, „დიახ, ის ამას იზამს“, თუმცა არ დააკონკრეტა, რისი დათმობა მოუწევს მოსკოვს.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი ძალიან ჭკვიანია და ის გააგრძელებდა ომს, აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპი რომ არ აერჩიათ.
ტრაპმმა ასევე თქვა, რომ სანქციების მოხსნა არ განიხილება ამ ეტაპზე.
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ ტრამპმა თქვა, რომ გააკეთებს, რაც შეუძლია, თუმცა ეს რთული საკითხია.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას და ეს ევროპამ უნდა გააკეთოს. ამასთან, თქვა, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმება და ამერიკული ინტერესი უკრაინაში „ავტომატური უსაფრთხოების გარანტიაა“.
დონალდ ტრამპის განცხადებით, უკვე დადასტურებულია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 28 თებერვალს ჩავა ვაშინგტონში და იგეგმება წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
„ჩვენ შევძელით გარიგების დადება, რომლითაც დავიბრუნებთ ჩვენს ფულს და მივიღებთ დიდ ფულს მომავალში, ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია“, — განაცხადა ტრამპმა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეთანხმება არ შეიცავს „არც 500 მილიარდ ვალს, არც 350 მილიარდს, არც 100 მილიარდს“, რადგან უსამართლო იქნებოდა. გარდა იმისა, რომ უკრაინა არ იყოს მოვალე, ზელენსკის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია წიაღისეულის შესახებ შეთანხმების განხილვა უსაფრთხოების გარანტიებთან კავშირში და სურდა, ჩარჩო-შეთანხმებაში გაჩენილიყო თუნდაც წინადადება „უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ“ და ეს მოხდა.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 26 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება აშშ-თან მინერალური რესურსების გამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ.
ვრცლად: ნეტგაზეთი