ბოლო წლებში ამერიკის შეერთებული შტატები ადგილობრივმა ბიზნესებმა დატოვეს. მათ წარმოება ჩინეთში გადაიტანეს, რასაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შემცირება მოჰყვა. ფაქტით უკმაყოფილო იყო შტატების მოსახლეობა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მათმა ნაწილმა სამსახური დაკარგა. დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ცდილობდა, ბიზნესები ეიძულებინა ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ. 2024 წელსაც მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა. ამერიკის მცოდნე გიორგი ლაბაძე ტრამპის გამარჯვების მთავარ მიზეზად მის ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს.
,,გლობალიზაციის პირობებში ძალიან ბევრი ამერიკული საწარმო ამერიკიდან გავიდა. ამერიკული ბიზნესის 30% გადავიდა ჩინეთში, რამაც გამოიწვია ის, რომ სამუშაო ადგილები დაკარგეს ამერიკელებმა. მართალია ეკონომიკის მანუფაქტურის სერვისზე გადაწყობა მოხდა, მაგრამ ამერიკის ეკონომიკური მდგრადობა ერთგვარად შეირყა. ამას მოყვა უკმაყოფილება. ტრამპის გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს არის, რომ ის ითხოვს ქვეყანაში დაბრუნდეს ჩინეთში გადასული ამერიკული ბიზნესი. ამას პრეზიდენტობის პირველ ვადაში საკმაოდ ხისტად აკეთებდა. აიძულებდა სხვადასხვა კომპანიებს, რომ დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში ან მაღალ ტარიფებს უწესებდა. ასეთ ეკონომიკურ პოლიტიკას უნდა ელოდოს მსოფლიო ამერიკისგან, რომ ისინი ეცდებიან ბიზნესები დააბრუნონ უკან.’’- აცხადებს გიორგი ლაბაძე.
ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოსალოდნელია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნავთობის მოპოვების მასშტატს გაზარდოს. ცნობილია რესპუბლიკელების პოზიცია. ისინი მხარს უჭერენ ამერიკული წარმოების გაზრდას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი გიორგი ლაბაძე აცხადებს, რომ ამით მსოფლიო ნავთობის ბაზარზე საწვავის ფასები დარეგულირდება.
,,ამერიკაში ნავთობის მოპოვებამ დაასტაბილურა ფასები. შემდგომში ეს დაეხმარა ამერიკას, რომ საგარეო ბაზარზე უფრო აგრესიული ყოფილიყო. აღარ იყო დამოკიდებული ავტოკრატების ნავთობზე და ზოგადად მსოფლიო ბაზარზე. ამერიკისთვის მსოფლიო ნავთობის ბაზარზე ფასების ზრდა არის არასტაბილურობის მომენტი. ამერიკა მსოფლიო სავაჭრო წესრიგის მაკონტროლებელი ძირითადი ქვეყანაა. ამერიკის მოქალაქეს ყოველთვის ურჩევნია დაბალი ფასი გადაიხადოს ნავთობში. რუსეთს, ირანსა და ვენესუელას აქვთ მაღალი რესურსი, რომ თავიანთ ხალხზე მოახდინონ ზეწოლა და დაიმორჩილონ ისინი. საბოლოოდ გამოდის, რომ ნავთობის ფასების ცვლილებით და გაზრდით, ამერიკის საგარეო პოლიტიკაში და გეოსტრატეგიულ ურთიერთობებში პრობლემები იქმნება. ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც ამას აკეთებდა და ახლაც მისი დაპირება იყო, რომ დაიწყებს ნავთობის მოპოვებას პენსილვანიაში, სადაც გაიმარჯვა. ასევე ტეხასში გააგრძელებს ნავთობის მოპოვებას. ეს არის იმის წინაპირობა, რომ დასტაბილურდეს ნავთობის ფასები. ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის მაგალითად რუსეთი, აღარ შეუვათ იმდენი შემოსავალი, რაც აქვს დღეის მდგომარეობით. მაგალითად, საუდის არაბეთის ნავთობკომპანიამ 187 მილიარდი დოლარის მოგება ნახა 2023 წელს. ეს იყო მაღალი ფასების შედეგი. შემდგომში საუდის არაბეთი გახდა დამოუკიდებელი მოთამაშე და აღარ აინტერესებს ამერიკის როლი რეგიონში, აღარ აინტერესებს ისრაელის უსაფრთხოება, აღარ აინტერესებს არაფერი თავისი თავის გარდა. რესპუბლიკელები დიდი ალბათობით ფასებს დაარეგულირებენ.’’- აცხადებს გიორგი ლაბაძე.