აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, იმ ქვეყნებიდან შესულ საქონელზე, რომლებსაც ირანთან ბიზნეს ურთიერთობა აქვთ, 25%-იანი ტარიფი დააწესა.

ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტარიფი „დაუყოვნებლივ ამოქმედდა“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება ირანთან ბიზნეს ურთიერთობაში.

„ძალაში შედის დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნეს ურთიერთობას აწარმოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან განხორციელებული ყველა საქმიანი ურთიერთობისთვის 25%-იან ტარიფს გადაიხდის“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, აღნიშნული ბრძანება „საბოლოო და დასკვნითია“.

Reuters-ი წერს, რომ თეთრი სახლის ვებსაიტზე არ გამოქვეყნებულა ოფიციალური დოკუმენტაცია აღნიშნული პოლიტიკის შესახებ და არც ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იურიდიულ უფლებამოსილებას გამოიყენებს ტრამპი ტარიფების დასაწესებლად, ან იქნება თუ არა ტარიფები მიმართული ირანის ყველა სავაჭრო პარტნიორის წინააღმდეგ.

Ipn.ge