აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა უკვე იცის, როგორ გახადოს ჰორმუზის სრუტე გემებისთვის უსაფრთხო.
დონალდ ტრამპის თქმით, ომის დაწყებიდან აშშ-მა ირანის 25 გემი გაანადგურა.
„ჩვენ მათი საზღვაო ფლოტი გავანადგურეთ, რადგან საზღვაო ფლოტის განადგურების შემდეგ ისინი ვეღარ გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც სურდათ“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ნავთობის ფასების ზრდის შესახებ კითხვაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს დროებითი მოვლენაა.
„ფასები ცოტათი გაიზარდა, მაგრამ არა მნიშვნელოვნად, და მალე რეკორდულ მინიმუმამდე დაეცემა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპს ჰკითხეს, დაეთანხმება თუ არა თეირანში ახალი რელიგიური ლიდერის ხელისუფლებაში მოსვლას. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, დაეთანხმოს.
„ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ იქნება ეს პიროვნება. მე წინააღმდეგი არ ვარ რელიგიური ლიდერების. ბევრ რელიგიურ ლიდერთან მაქვს ურთიერთობა და ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან, მაგრამ ლიდერი უნდა იყოს სამართლიანი, კარგად უნდა მართოს ქვეყანა და პატივისცემით მოეპყროს შეერთებულ შტატებს, ისრაელს და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს, რომლებიც ყველანი ჩვენი პარტნიორები არიან“, – აღნიშნა ტრამპმა.