2027 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სან-ფრანცისკოს სანაპიროსთან მდებარე ყოფილი ფედერალური ციხის, ალკატრასის აღსადგენად 152 მილიონ დოლარს ითხოვს.
გასულ მაისს ტრამპმა ციხის აღდგენისკენ იუსტიციის დეპარტამენტს, FBI-სა და შიდა უსაფრთხოების სამსახურს პირველად მოუწოდა. სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში მან ალკატრასის რეპუტაცია შეაქო.
"წარსულში, როდესაც უფრო სერიოზული ერი ვიყავით, არ ვყოყმანობდით ყველაზე საშიში კრიმინალების ჩაკეტვასა და მათ შორს იზოლირებაზე იმ ადამიანებისგან, ვისთვისაც ზიანის მიყენება შეეძლოთ. ასეც უნდა იყოს. ალკატრასის ხელახლა გახსნა კანონის, წესრიგისა და სამართლიანობის სიმბოლოდ იქცევა", - წერდა ის მაშინ.
აღნიშნული გეგმა საკამათო აღმოჩნდა. კალიფორნიის არაერთმა არჩეულმა ოფიციალურმა პირმა მსგავსი წამოწყების მიზანშეწონილობა და მართებულობა ეჭვქვეშ დააყენა.
გამოცემა San Francisco Standard-ის ცნობით, ამჟამად ალკატრასს არ მიეწოდება წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, არ აქვს კანალიზაციის სისტემა. მიმდინარე კვირაში კალიფორნიის შტატის სენატორის, სკოტ ვინერის ოფისმა ობიექტის აღდგენის ხარჯები 2 მილიარდ დოლარზე მეტად შეაფასა.
გასულ წელს, CBS Sacramento-სთან ინტერვიუში, შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ტრამპის ხედვა დაგმო და მას კოლოსალურად ცუდი ფინანსური იდეა უწოდა.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაცია 152 მილიონ დოლარს სარესტავრაციო პროექტის პირველი წლის ხარჯების დასაფარად გამოიყენებს. გეგმის წინსვლის შემთხვევაშიც კი უცნობია, როდის გაიხსნება ობიექტი.
აღნიშნული თანხა წარმოადგენს ციხეების ბიუროს "დანგრევის პირას მყოფი სასჯელაღსრულების დაწესებულებების" დასაფინანსებლად მოთხოვნილი 1.7-მილიარდიანი პაკეტის ნაწილს.
შეგახსენებთ, რომ 1934 წლიდან დახურვამდე (1963 წლამდე), მაქსიმალური უსაფრთხოების მქონე ამ კოლონიაში ქვეყნის ყველაზე საშიში კრიმინალები იხდიდნენ სასჯელს.
კუნძულზე მდებარეობა ციხიდან გაქცევას ართულებდა, თუმცა მისი ოპერირება ძვირი ჯდებოდა. ციხეების ბიუროს ცნობით, დაწესებულების დახურვის მიზეზი სწორედ ტექნიკური მომსახურების მაღალი ხარჯები გახდა. მას შემდეგ ის განთქმულ ისტორიულ ძეგლად იქცა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.