დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ მალე უკრაინა, დაფინანსების ახალი მექანიზმის, PURL-ის („უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია“) ფარგლებში, ნატოელი მოკავშირეებისგან პირველ დახმარებას მიიღებს, რომელიც აშშ-ის საწყობებიდან გაიცემა.
ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს (Suspilne) ანონიმურობის დაცვის პირობით აცნობა.
ოფიციალური პირის თქმით, შეთანხმება, რომელსაც თეთრი სახლი „ისტორიულს“ უწოდებს, ნატოელ მოკავშირეებს ამერიკული წარმოების იარაღის შეძენის საშუალებას მისცემს.
„ეს აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიას მილიარდობით დოლარს მოუტანს და შეესაბამება პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგს, რომ წაახალისოს ევროპა, მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავდაცვაზე“, - განაცხადა წყარომ.
ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი, რომელსაც მალე, ტრამპის ინიცაიტივით, ძველი სახელი დაუბრუნდება და „ომის დეპარტამენტი“ დაერქმევა, იარაღის პირველი პარტიის გაყიდვას განახორციელებს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“-ს პრიორიტეტებისა და „ამ ომის დასრულების ძალისხმევის“ შესაბამისად.
მანამდე „როიტერი“, ორ წყაროზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის დახმარების პირველი პაკეტები დაამტკიცა და მათი გაგზავნა შეიძლება მალე განხორციელდეს. ეს მოხდება მოკავშირეებთან ახალი ფინანსური შეთანხმების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი კიევისთვის იარაღის მიწოდებას განაახლებს.
„როიტერმა“ ასევე აღნიშნა, რომ დამტკიცებული მიწოდებები განხორციელდება ახალი მექანიზმით, რომლის სახელწოდებაა „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია“ (PURL). ეს მექანიზმი შეერთებულმა შტატებმა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა შეიმუშავეს. აღნიშნული სქემა აშშ-ის საწყობებიდან იარაღის გადაცემის საშუალებას იძლევა, ღირებულება კი მოკავშირე ქვეყნების შენატანებით იფარება.
რა უნდა ვიცოდეთ PURL-ის პროგრამის შესახებ
14 ივლისს, აშშ-მა და ნატო-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ შესახებ, რომელიც, ევროპის ქვეყნების ხარჯზე, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს. სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, შეთანხმების ფარგლებში კიევმა შეიძლება მიიღოს დიდი რაოდენობით საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტები და საბრძოლო მასალა.
ცნობილია, რომ დანიამ, PURL-ის პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით 580 მილიონი დანიური კრონა გამოყო, შვედეთმა - 275 მილიონი აშშ დოლარი, ნორვეგიამ კი - დაახლოებით 135 მილიონი დოლარი.
უფრო ადრე, ნიდერლანდებმა, PURL-ის ფარგლებში, დააფინანსეს დახმარების პირველი პაკეტი, 500 მილიონი ევროს ოდენობით. პროგრამას ასევე ჩართულია გერმანია.