საგზაო რუკა გადაიარაღებისთვის მზადაა. მასზე საბოლოო ბეჭედი 27-მა სახელმწიფომ უნდა დასვას. მანამდე ხანგრძლივი მსჯელობაა, რომელიც ბრიუსელში დილიდან დაიწყო.

ევროპელები თავდაცვისა და უსაფრთხოები  ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბებას “თეთრი ფურცლიდან” იწყებენ.

ამბიციურმა გეგმამ კონტინენტი ნაკლებად დამოკიდებული და მეტად შეიარაღებული უნდა გახადოს. მან საერთო თავდაცვისთვის, წევრი სახელმწიფოების პირადი სახსრებიდან  650 მილიარდი ევროს მობილიზება უნდა უზრუნველყოს. დოკუმენტის თანახმად ამ მიზნით 150 მილიარდი ევრო სესხების გაცემას მოხმარდება.

აქცენტი თავდაცვითი შეიარაღების მეტ შესყიდვასა და წარმოებაზეა. ევროპის გადაიარაღების სტრატეგიაზე  მსჯელობაში აქტიურად არიან ჩართული ფინანსთა მინისტრებიც.

“ეკონომიკური გაგებით მეტი უნდა გაკეთდეს თავდაცვაში ინვესტიციებისთვის. გუშინ წარმოვადგინეთ “თავდაცვის თეთრი ფურცელი” , უკვე განვიხილეთ ფონდების მოძიების საკითხებიც. თუ ჩვენ საკმარისს ჩავდებთ თავდაცვაში, ეს შეაკავებს აგრესორს ჩვენი თავდასხმისგან.ამიტომ უნდა გაკეთდეს მეტი. გადაიარაღების ინიციატივით რეალურად ხდება რეგულაციების შემსუბუქება,რომ გაკეთდეს მეტი თავდაცვისთვის, მიუხედავად ამისა კითხვები რჩება. ველი,რომ დღევანდელი დღე გრძელი იქნება”, – აღნიშნავს საგარეო და თავდაცვის საკითხებში უმაღლესი ევროკომისარი,კაია კალასი.

“ევროპელების 70 % თვლის, რომ მხოლოდ ევროკავშირს შეუძლია მათი დაცვა. ამიტომ დღეს ჩემი გზავნილია, რომ გვჭირდება ვიყოთ ძლიერები,ჩვენი მოქალაქეები თავს უნდა გრძნობდნენ უსაფრთხოდ და რაც მთავარია, გარკვეული საკითხები უნდა გავამარტივოთ. როგორ უნდა იგრძნონ თავი ევროპელებმა უსაფრთხოდ? პირველ რიგში ჩვენ უნდა გავგზავნოთ მკაფიო გზავნილები უკრაინაზე, როგორ და რაში ვხარჯავთ ჩვენს ფულს.როგორ ავ ვთმობთ ევროპული მშვიდობის იდეას. ამისათვის გვჭირდება ძლიერი ეკონომიკა, იმის ჩვენება, რომ ევროპა ღიაა ბიზნესისთვის, რომ აქ კაპიტალზე წვდომა უფრო მარტივია. ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ხელსაწყოები საკმარისად გვაქვს.მომდევნო  თვეები იქნება საკვანძოდ მნიშვნელოვანი” – აღნიშნა ევროპული საბჭოს დაწყებამდე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.

საკანონმდებლო ინიციატივა “თეთრი ფურცელი ევროპული თავდაცვისთვის” 2030 წელზე აკეთებს გათვლას. ის პან-ევროპული პროექტია, რომელიც თავდაცვის ინდუსტრიისთვის ევროპის ერთიანი ბაზრის პრინციპის ამოქმედებას გულისხმობს.

კერძოდ, დოკუმენტში გაწერილია ის ნაბიჯები, რომლებმაც ევროპელებს ბიუროკრატიული ბარიერები უნდა მოუხსნას თავდაცვაში მოქნილი ინვესტირებისთვის. გეგმაში გაწერილია უარესი სცენარის შემთხვევაში ევროპის მზადყოფნის შესაძლებლობებიც, რათა პოტენციური აგრესორისგან თავი დაიცვას.

“მე არ მომწონს ტერმინი ევროპის გადაიარაღება, ვფიქრობ ევროკავშირი არის პოლიტიკური პროექტი რბილი ძალით. ჩვენ გვაქვს ვალდებულება და ძალაც, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენი აქტივების ხაზგასმა. ჩემი პრინციპული წინააღმდეგობა  სწორედ ამას ეხება. თავად საკითხს რაც შეეხება –  მე მივესალმებით თავდაცვის ხარჯების ზრდას, მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების გაცნობიერება, რომელიც ჩვენს საზღვრებში არსებობს. უნდა განვიხილოთ ამ გეგმის ფინანსური და ფისკალური შესაძლებლობები”, – ამბობს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი.

რაც შეეხება ევროპის უსაფრთხოებას, წარმოდგენილი “თეთრი ფურცელი”, სწორ მიმართულებას გვთავაზობს.დეტალებზე სამსჯელოა. ვფიქრობ თავდაცვის ერთიანი ბაზარი გვესაჭიროება, მეტი უნდა ვიყიდოთ და ვაწარმოოთ მეტი ევროპული პროდუქტი. ეს კი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ამერიკელი და ნატოელი პარტნიორების მონაწილეობით. რეგულაციების მოხსნა,რომელიც ამარტივებს პროცედურებს მნიშვნელოვანია,რათა კომპანიებმა საზღვრებს მიღმა იმუშაონ.  მხოლოდ კერძო დანაზოგების შემთხვევაში შევძლებთ ჩვენი ეკონომიკების ზრდას მშვიდობასთან ერთად გვესაჭიროება კეთილდღეობაც. დიდი ნაბიჯი იდგმება სწორი მიმართულებით, უკვე ბევრი გავაკეთეთ. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ფულის რაოდენობაზე,იმაზეც თუ სად ვხარჯავთ მათ. ერთად დგომა მნიშვნელოვანია. ყველა შეხვედრა რაც ბოლო პერიოდში გაიმართა აჩენებს,რომ ქვეყნებს სურთ უკრაინის მხარდაჭერა და ზელენსკისთან ინფორმაციის გაცვლა იქნება მნიშვნელოვანი”, – განმარტავს ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი, ლუკ ფრიდენი.

“თავდაცვის ხარჯებზე შემუშავებული სასესხო პაკეტით გერმანია, როგორც ევროპის ცენტრში მდებარე  სახელმწიფო შეძლებს იმის გაკეთებას, რაც ამ მოცემულობაში სავალდებულოდ გამოიყურება. ამასთან ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობაზე მკაფიო პოზიციებით საუბარი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უკრაინას უნდა შეეძლოს საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა, საკუთარი გზის განსაზღვრა, საკუთარი ლიდერების თავადვე არჩევა და საკუთარი ჯარის ყოლა”, –პასუხობს ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი.

უკრაინის უსაფრთხოება ევროპული პროექტის მიზანთან ერთად, მიზეზიცაა. სწორედ ამიტომაა გადაიარაღების ერთ-ერთი საკვანძო  პუნქტი უკრაინის უპირობო მხარდაჭერა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამ საკითხზე ევროპელ კოლეგებთან ერთად დისტანციურად მსჯელობდა. რუსულმა აგრესიამ ბევრი ისეთი ევროპული ქვეყანაც გამოაფხიზლა, რომელიც მანამდე მოსკოვიდან მომავალ საფრთხეში რთული დასარწმუნებელი იყო. მათი როლი ბლოკში ახლა სხვებმა იკისრეს, თუმცა ის, რომ საერთო უსაფრთხოება გასაძლიერებელია ყველას ესმის. ევროკავშირისა და ნატოს სადაზვერვო სამსახურების გამოთვლით, რუსეთს ევროპაზე თავდასხმისთვის 3-5- წელიწადში საკმარისი მზაობა ექნება. ყველაზე უკეთ ამის ალბათობას მისი მეზობელი ქვეყნები ხედავენ.

“თუ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს და შევავსებთ იმ ხვრელებს, რომელიც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ახალმა პრიორიტეტებმა გააჩინა,ჩვენ ლიდერის პოზიციაში ბუნებრივად ვიქნებით. თუ უბრალოდ ვილაპარაკებთ – ეს ვერ მოხდებაა ბევრი საკითხია განსახილველი, თუმცა ვიტყოდი,რომ როგორც მეორე მსოფლიო ომის წინ იყო, ჩვენ ახლაც  ვდგავართ სტრატეგიული არჩევანის წინაშე. მივცეთ უფლება აგრესორს დათესოს ძალადობა და შიში.ნათელია, რომ უკრაინას სჭირდებათ ჩვენი შეიარაღება და ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ. უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, მათ შორის მე-17 სასანქციო პაკეტით – საბანკო ხაზითა თუ გათხევადებული გაზის იმპორტის თვალსაზრისითაც. ლიეტუვას შეთავაზებაა საორიენტაციო თარიღის დათქმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, 2030 წლის პირველ იანვარს.ეს უკრაინელ მეგობრებს მისცემს მოტივაციას შეასრულოს ყველა საჭირო პირობა, რომლის განხორციელებაც ომის მიუხედავადაც შეძლეს. უკრაინა ახლა ძვირფას დროს გვჩუქნის, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.მე მივესალმები ევროკომისიის ინიციატივას გადაიარაღების შესახებ, დიახ უნდა აღვიჭურვოთ ,რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება რუსული აგრესიის მორიგი ტალღა. 150 მილიარდი ევრო ამ პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილია, ლიეტუვას მსგავსი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე ბარიერების გვერდის ავლის საშუალებებიც, რომ ფისკალურ სივრცეში მანევრირების საშუალება მოგვეცეს. რა თქმა უნდა სხვა ნაბიჯებიც მნიშვნელოვანია,როგორიცაა შეჯიბრებითობის ზრდა.ჩემმა ქვეყანამ ერთიანი ბაზრისგან დიდი სარგებელი მიიღო. მას აქვს დიდი შესაძლებლობა, თუმცა სრულად მას არ ვიყენებთ. ბევრი ბარიერი და შეზღუდვა რჩება, და ეს ფანჯრები უნდა გავხსნათ”, – თქვა ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.

“ესტონეთმა გადაწყვიტა საკუთარ თავდაცვაზე მშპ-ს 5% დახარჯოს. ჩვენ ვიცით, რომ პუტინი  მიზნებს არ შეიცვლის და ყველაფერი რაც უკრაინაში ხდება, შესაძლებელია მოხდეს ევროპასა და ნატოს ქვეყნებშიც. ამიტომაა საჭირო თავდაცვაში ინვესტიცია. იმედი გვაქვს, რომ ცენტრალიზებული თუ საგრანტო პროექტების მეშვეობით აღმოსავლეთის ფლანგს თავდაცვაზე ფოკუსირების მეტი საშუალება მიეცემა. თუ ჩვენ გვსურს, რომ აშშ-სა და ჩინეთს გავუწიოთ კონკურენცია, უნდა ვიმოქმედოთ”, – ფიქრობს ესტონეთის პრემიერ მინისტრი, კრისტენ მიხალი.

მას შემდეგ, რაც 2 კვირის წინ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ უკრაინას დროებით სამხედრო დახმარება შეუჩერა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გადაიარაღებისა და უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ამბიციური, 800 მილიარდიანი გეგმა დააანონსა. ის ევროპის თავდაცვით ავტონომიურობას ითვალისწინებს.ამ იდეის ირგვლივ ევროკავშირს არაწევრი სახელმწიფოების მხარდაჭერაც აქვს.

წყარო: euronewsgeorgia.com